ბლოგი

შეაბრუნა თუ არა ოცნებამ ეკონომიკურ-პოლიტიკური პარადიგმა რამდენიმე გრადუსით?

არჩილ იაკობაშვილი
0 კომენტარი

დავიწყოთ მადლობით, და ამ მადლობის ადრესატია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს ეკონომიკის კერძო სექტორი, რომელიც 1995 წლიდან მოქმედი მარქსისტული საგადასახადო კოდექსის და 2012 წლიდან "ქართული ოცნების" ავტორიტარულ-ჰიბრიდული რეჟიმის პირობებშიც კი, ინარჩუნებს და ავითარებს სამეწარმეო კულტურას და მზად არის, გასწიოს ხარჯები ბიზნესის გაფართოებისთვის და გამოშვების გაზრდისთვის, როგორც კი სახელმწიფოსგან მიიღებს ამოსუნთქვის საშუალებას.

2018 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკის რეალური ზრდის წინასწარი შეფასების საშუალო მაჩვენებელს 6.1% ნიშნულზე (მაისი: 7,5%; აპრილი: 6.5%; პირველი კვარტალი: 5.3%), რომელიც რეკორდულია უკანასკნელ ექვს წელიწადში, აქვს ობიექტური საფუძვლები და სამი ძირითადი მიზეზით არის განპირობებული:

1) იურიდიული პირებისათვის მოგების დაბეგვრის ესტონური მეთოდის დადებით ეფექტს, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს, სხვა თანაბარ პირობებში 2018 წელს ხომ მაინც უნდა გამოეღო დადებითი შედეგი?!

2) ზედმეტობით გადახდილი დღგ-ს სწრაფად უკან დაბრუნების მექანიზმის ამოქმედებით, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო ხაზინის უკანასკნელი მონაცემებით 225 მლნ ლარი შეადგინა, და რომელიც კერძო სექტორმა ბიზნესის გაფართოებაში და გამოშვების გაზრდაში გადაამისამართა.

3) 2018 წლის დასაწყისიდანვე ანტიინფლაციური პროცესებით, რასაც ხელი შეუწყო ერთის მხრივ ზომიერად მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ 2017 წლის განმავლობაში, და მეორე მხრივ აქციზის მატებით გამოწვეული ერთჯერადი ფაქტორის ამოწურვამ.

ყოველივე ამან, ადაპტირებული და მოქნილი გაცვლითი კურსის პირობებში ხელი შეუწყო ექსპორტის გაზრდას, მზარდი სავალუტო ნაკადების, მათ შორის ცალხმრივი ტრანსფერების, ე.ი. ემიგრანტთა გადმორიცხვების ფონზე შიდა მოხმარების და სამშენებლო ინვესტიციების წახალისებას, რაც აპრილ-მაისში რეალური ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებლებით უკან დაუბრუნდა ეკონომიკას.

ამით ხომ "ქართულმა ოცნებამ" თავად შექმნა პრეცედენტი, რომლის მიხედვით საკუთარი პარადიგმის ორმოცდახუთი გრადუსით შემობრუნება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ აპრილ-მაისში ეკონომიკას მიეღწია ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებლისთვის, რომელიც უკანასკნელი ექვსი წელიწადი დავიწყებას იყო მიცემული.

ჩემი შეფასებით, დღგ–ს სწრაფი დაბრუნების დადებითი ეფექტი ეკონომიკის ზრდაზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ივნისის თვეშიც კიდევ იმოქმედებდა და აღნიშნულის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია 30 ივლისს გახდება ცნობილი, მაგრამ ივლისიდან აღნიშნული ფისკალურ–ტექნიკური მექანიზმის ეფექტი საგრძნობლად შესუსტდება.

თუ მთავრობას სურს, რომ ეკონომიკური ზრდისთვის ფისკალური წახალისების ტენდენცია წლის ბოლომდე შეინარჩუნოს, მან მყისიერად უნდა შეამციროს აქციზური გადასახადი ნავთობპროდუქტებზე. ეს კონტრციკლური ღონისძიება ხელს შეუწყობს, რომ წლის ბოლომდე შიდა მოხმარება არ გადახურდეს, ხოლო შემოდგომისთვის წაახალისებს ეროვნული წარმოების კონკურენტუნარიანობას ძირითად საექსპორტო ბაზრებზე.

ტექნოლოგიების და ძირითადი საშუალებების გადაიარაღების გამო, რაც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ნამდვილად განხორციელდა კერძო სექტორში, წარმოების ფიქსირებული ხარჯები რჩება კვლავაც მაღალი, მეწარმეები ვერ გადიან ჯერჯერობით სკალარული მასშტაბის ეფექტზე და ვერც გავლენ ალბათ უახლოეს ათ წელიწადში, რის გამოც მათთვის საწვავის ნებისმიერი გაიაფება თუნდაც მცირედი, მაგრამ მაინც შეღავათი იქნებოდა.

სხვა თანაბარ პირობებში 2019–2020 წლებისთვის ტენდენციის შენარჩუნებას დასჭირდება მიმდინარე წელსვე დადებითი მოლოდინების შექმნა ისეთი რადიკალური ღონისძიებებით, როგორიცაა მაგალითად დღგ–ს და საშემოსავლოს განაკვეთების 15%–მდე შემცირება, დეფიციტური ხარჯვის განულებაზე ორიენტაციის აღება და სახელმწიფო ხარჯების სტრუქტურის კონსერვატიულად დაგეგმვა.

და ამით საბოლოოდ მაინც მივდივართ მონოტონურ შეკითხვამდე - "...არის "ქართული ოცნება“ მზად, რომ საკუთარი ჩავარდნების გამოსწორებაზე ხელები არ აუკანკალდეს და შეცვალოს პარადიგმა?.."

კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წასვლა გაცილებით ურისკო იქნებოდა 2013 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელიწადს, რადგან "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ფინანსების მართვა გადაიბარა ორმილიარდიანი ბუფერით, ნაკლები შიდა და საგარეო ვალებით და ვალებზე მომსახურების ნახევარი ტვირთით დღევანდელთან შედარებით.

ამასთან, პრობლემის მიზეზებიდან გამომდინარე უნდა შეწყდეს ჭარბვალიანობის თემით პოლიტიკური სპეკულაციებიც, პოპულიზმიც და მუქარებიც „ქართული ოცნების“ მხრიდან.

მიმდინარე ჭარბვალიანობა არის გვიანი შედეგი იმ მფლანგველი საბიუჯეტო პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების ჩავარდნებისა, რომლებზეც 2013–2015 წლებში პასუხისმგებელი იყო მხოლოდ თავად "ქართული ოცნება" და სხვა აბსოლუტურად არავინ.

ჭარბვალიანობა წარმოადგენს მიმდინარე გამოწვევას არა მხოლოდ კერძო სექტორისთვის, არამედ სახელმწიფო სექტორისთვისაც და ჯერ კიდევ 2013 წლიდან იღებს სათავეს.

2013–2015 წლებში დაგროვებული ვალი გახდა იმიტომ ჭარბი, რომ წლიდან წლამდე უკუგება მცირდებოდა იმ პროექტებიდან, რომელთა დაფინანსებისთვისაც ხდებოდა ვალის აღება.

იმისთვის რომ "ქართულმა ოცნებამ" უკუგების ასპექტი გაიაზროს, საკუთარ თავს უნდა დაუსვას შემდეგი შეკითხვა - "მიიღო ეკონომიკამ ეროვნული შემოსავლის შემქმნელთა და სახელმწიფომ გადასახადის გადამხდელთა უფრო მეტი რაოდენობა, თუ მათი გამოჯანმრთელებისთვის, განათლებისთვის, უფასო ხვნა-თესვისთვის და სხვა მრავალ პროექტზე ისე გაზარდა ხარჯები, რომ ამ ხარჯვითი ვალდებულებების დასაფინანსებლად ვალების აღება დასჭირდა?"

რომ საზოგადოებამ უკუგების ასპექტი გავიაზროთ, ჭარბვალიანობის დაგროვების წლების მიხედვით უნდა შევადაროთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები (2017: 5%; 2016: 2.8%; 2015: 2.9%; 2014: 4.6%; 2013: 3.4%; 2012: 7.2%; 2011: 6.4%), რომლებიც საგრძნობლად ჩამორჩებოდა 2012 წლამდე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებლებს და მხოლოდ 2018 მიუახლოვდა 2011 წლის ნიშნულს.

ე.წ. "რეგულაციების პაკეტი" ემსახურება იმას, რომ არ გაიზარდოს ჭარბვალიანობა. ე.ი. რეგულაციები არის მხოლოდ პრევენციული ხასიათის, მაგრამ რეგულაციებით ჭარბვალიანობის პრობლემა არ გადაიჭრება.

ჭარბვალიანობა წარმოადგენს სისტემურ რისკს და გამოწვევას ფინანსური სტაბილურობისათვის, რომლის დაძლევის ერთადერთი რეცეპტი ეკონომიკურ ზრდაზე და უკუგების მატებაზე გადის.

ტექსტი სრულად გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - მღვდელი ლეონ გელოვანი

კომენტარები