ზოოპარკი

გირჩი ზოოპარკს სთხოვს, სირაქლემა ათხოვონ, ზოოპარკში ამბობენ, რომ სირაქლემა არ ჰყავთ

ზურა ჯაფარიძე

პოლიტიკურმა პარტია "გირჩმა" ზოოპარკს წერილით მიმართა, 13 ივლისს სასამართლო პროცესზე ნახევარი დღით დედალი სირაქლემა ათხოვონ.

13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურა ჯაფარიძის პროცესი იმართება. 

„ბ-ნო ზურაბ [გურიელიძე], გაცნობებთ, რომ ამა წლის 13 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაიმართება ზურაბ ჯაფარიძის გადადებული პროცესი, რომელზეც ბ-ნ ზურაბს პოლიცია დაუმორჩილებლობასა და პოლიციისათვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს 12 მაისის ღამით რუსთაველის გამზირზე ზემოთ აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია და შსს-მ სასამართლოზე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, გარდა პოლიციელთა ცრუ ჩვენებებისა. სასამართლოსთან ჩვენი ურთიერთობის გამოცდილება არ გვიტოვებს იმედს, რომ პროცესი წარიმართება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით და სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.

გირჩი მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო და საერთო სასამართლოების სისტემა მთლიანად გადაქცეულია ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემად, რომელიც არ იმჩნევს ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ რეალობის თვალსაჩინოდ დემონსტრირებისთვის, გთხოვთ, 13 ივლისისთვის, ნახევარი დღით გვათხოვოთ ერთი დედალი სირაქლემა.

სირაქლემას ტრანსპორტირებას თბილისის საქალაქო სასამართლომდე და უკან ზოოპარკში, უზრუნველვყოფთ ჩვენ. ასევე, როგორც კი გვექნება თქვენი დასტური, ჩვენვე ჩავაყენებთ საქმის კურსში საპატრულო პოლიციას, რომ სირაქლემას ტრანსპორტირების დროს თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი შესაძლო ექსცესი.

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიყოთ ერთი სირაქლემების პროფესიონალი მომვლელი, რომელიც ამ ნახევარ დღეს გაატარებს ჩვენთან ერთად, მოგვცემს რეკომენდაციებს, დააკვირდება პროცესს და დარწმუნდება, რომ ცხოველის მიმართ ადგილი არ ექნება არაადამიანურ მოპყრობას.

წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. ერთად შევქმნათ სამართლიანი სასამართლო საქართველოში! პატივისცემით, იაგო ხვიჩია, თავმჯდომარე, გირჩი"

თუმცა, გირჩი ამ თხოვნაზე, დიდი ალბათობით, უარს მიიღებს. 

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, ფრინველი, რომელიც ზოოპარკშია, სირაქლემა არ არის, ემუა, რომელიც მართლაც გავს სირაქლემას. ის საკმაოდ აგრესიული ფრინველია. 

"სირაქლემა არ გვყავს, ის, რაც ჩვენ გვყავს, არის ემუ. მას არც ქვიშაში თავის ჩარგვა ახასიათებს, სულ სხვანაირად იქცევა საფრთხის შემთხვევაში და სხვათა შორის, არც სირაქლემას არ ახასიათებს, ეს მხოლოდ ხალხური სიტყვიერებაა

გირჩი, თავისთავად, უარს მიიღებს. პოლიტიკა პოლიტიკაა, ცხოველები კი ცხოველები არიან, მათ ეშინიათ ნებისმიერი ადამიანის, ზოოპარკიდან გაყვანა კი ძალიან დიდი სტრესია ნებისმიერი ცხოველისთვის. როდესაც ტრანსპორტირებას ვაპირებთ, წინასწარ დიდ სამუშაოებს ვატარებთ, ის უნდა მიეჩვიოს ა.ს და ცხოველი, რომელიც ასე უცებ გავა ზოოპარკიდან, შესაძლოა სავარაუდოდ ცოცხალი ვეღარ დაბრუნდება", - ამბობს ზურაბ გურიელიძე. 

კომენტარები