დონალდ ტრამპი

გავრცელებული ცნობით, ტრამპი 2017 წელს ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციას განიხილავდა

AP

Associated Press-ის ინფორმაციით გასული წლის აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტი ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციას განიხილავდა.

ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ დონალდ ტრამპმა მრჩევლებთან ვენესუელაში შეჭრის საკითხი რამდენიმეჯერ წამოწია.

AP-ს მიხედვით აშშ-ის პრეზიდენტი მრჩევლებს ეკითხებოდა რატომ არ შეეძლო აშშ-ს ვენესუელაში შეჭრა და ნიკოლას მადუროს მთავრობის ჩამოგდება იმ მიზეზით, რომ ვენესუელაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონისათვის საფრთხეს წარმოადგენდა.

AP-ს წყაროს ინფორმაციით შეხვედრებს, სადაც ეს საკითხი განიცილებოდა ეროვნული უსაფრთხოების მაშინდელი მრჩეველი, ჰერბერტ მაკმასტერი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ესწრებოდნენ. გავრცელებული ცნობით ისინი პრეზიდენტის გადარწმუნებას ცდილობდნენ იმ არგუმენტით, რომ აშშ-ის მხრიდან მსგავსი ქმედება ლათინურ ამერიკაში მოკავშირეებს მათ წინააღმდეგ განაწყობდა.

ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა ვენესუელას საკითხზე საჯაროდაც ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკას ბევრი სამოქმედო ვარიანტი აქვს.

"ჩვენ მთელს მსოფლოში გვყავს სამხედრო ძალები, ისეთ ადგილებში, რომლებიც ძალიან ძალიან შორსაა. ვენესუელა არ არის ძალიან შორს და ხალხი იქ იტანჯება და იხოცება. ჩვენ ბევრი სამოქმედო ვარიანტი გვაქვს ვენესუელაში, მათ შორის შესაძლო სახედრო ინტერვენცია, თუ საჭიროება მოითხოვს." თქვა მან.

ამის შემდეგ თეთრმა სახლმა გაავრცელა ცნობა, რომ მათ ნიკოლას მადუროსა და ვენესეულას თავდაცვის მინისტრის ზარები მიიღეს, თუმცა არ უპასუხეს. მადურო და ვლადიმირ პადრინო ტრამპის განცხადებას "სიგიჟეს" და "ექსტრემიზმს" უწოდებდნენ.

AP-ს მიხედვით ტრამპმა ვენესუელაში შეჭრის საკითხი კოლუმბიის პრეზიდენტთან, ხუან მანუელ სანტოსთან და გაეროს გენერალური ასამბლეის შემდეგ ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერებთან სადილზეც წამოაყენა.

გავრცელებული ცნობით, საბოლოოდ გენერალმა მაკმასტერმა ტრამპი დაარწმუნა უარი ეთქვა ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციის ვარიანტზე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

დოლარის ყიდვა ვენესუელაში მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი, რადგან მთავრობამ რამდენიმე წლის წინ თავისუფალი სავალუტო ოპერაციები აკრძალა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

მოსახლეობის განსაკუთრებული პროტესტი ნიკოლას მადუროს მიერ პარლამენტისთვის უფლებების ჩამორთმევას და მთავრობის მხარდამჭერებით დაკომპლექტებული "საკონსტიტუციო ასამბლეის" დაფუძნებისთვის გამართულ არჩევნებს მოჰყვა.

სახელმწიფომ პროტესტის ჩასახშობად სამხედროებიც გამოიყენა, გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს 164 ადამიანი ემსხვერპლა 15,000 კი დაშავდა.

2017 წელს ვენესუელა 600,000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

კომენტარები