ნენსკრაჰესი

ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, მდინარემ ხიდები წაიღო და სოფლები დატბორა

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება

სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია.

მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურს ამ დროისთვის არ აქვს. უწყებისვე ცნობით, მაშველები ადგილზე ახლა მიდიან. 

დამატებით ინფორმაციას ტაბულა მიღებისთანავე მოგაწვდით. 

ნენსკრაჰესის მშენებლობას ადგილობრივები წლებია ეწინააღმდეგებიან, თუმცა მისი მშენებლობა მაინც დაიწყო.

ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ 2017 წელს გაკეთებული განცხადებით,  "ვინაიდან ეს რეგიონი [სვანეთი], რომელიც ცენტრალური კავკასიონის მთიანეთის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, მეწყერსაშიშია, ღვარცოფებითა და მცირე მიწისძვრებით გამოირჩევა, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრებმა და ვიბრაციამ შეიძლება პროცესები დააჩქაროს". 

„ადამიანები შეშფოთებულები არიან გეოლოგიური საფრთხეების გამო და შიშობენ, რომ მათი უსაფრთხოება დაცული არ არის," - აცხადებდნენ მოქალაქეები.

თუმცა, პროექტის ავტორები უსაფრთხოების გარანტიას დებდნენ. 

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტს სს "ნენსკრა ჰიდრო" ახორციელებს, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის - K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა.

მიმდინარე წლის თებერვალში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დირექტორთა საბჭომ 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფით ნენსკრა ჰესის პროექტის დაფინანსება დაამტკიცა.

პროექტის მიხედვით, 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საქართველო ყოველწლიურად 1'200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით უნდა მოემარაგებინა, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდებოდა.

გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლიდან უნდა დაეწყო, ხოლო მშენებლობის დასრულება 2021 წელს იგეგმებოდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები