ნენსკრა ჰიდრო: შექმნილი ვითარება ნენსკრა ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება

ნეტგაზეთი

კომპანია ნენსკრა ჰიდრო აცხადებს, რომ სვანეთში შექმნილი ვითარება ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით". 

"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, 5 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო, დაიტბორა სოფელ ჭუბერის ცენტრალური ნაწილი, ასევე დაზიანებულია გზები და ხიდები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი სიტუაცია ნენსკრა ჰესის მშენებლობას უკავშირდება.

გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით. 

შესაბამისად შექმნილი ვითარება ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამ მომენტისთვის სს „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლებს აქვთ უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. შესაძლებლობების ფარგლებში, კომპანიის მიერ სასწრაფო წესით იქნება მობილიზებული ტექნიკა, რათა შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას",- ნათქვამია განცხადებაში. 

სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურს ამ დროისთვის არ აქვს. 

ნენსკრაჰესის მშენებლობას ადგილობრივები წლებია ეწინააღმდეგებიან. 

ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ 2017 წელს გაკეთებული განცხადებით,  "ვინაიდან ეს რეგიონი [სვანეთი], რომელიც ცენტრალური კავკასიონის მთიანეთის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, მეწყერსაშიშია, ღვარცოფებითა და მცირე მიწისძვრებით გამოირჩევა, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრებმა და ვიბრაციამ შეიძლება პროცესები დააჩქაროს". 

„ადამიანები შეშფოთებულები არიან გეოლოგიური საფრთხეების გამო და შიშობენ, რომ მათი უსაფრთხოება დაცული არ არის," - აცხადებდნენ მოქალაქეები.

თუმცა, პროექტის ავტორები უსაფრთხოების გარანტიას დებდნენ. 

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტს სს "ნენსკრა ჰიდრო" ახორციელებს, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის - K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა.

მიმდინარე წლის თებერვალში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დირექტორთა საბჭომ 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფით ნენსკრა ჰესის პროექტის დაფინანსება დაამტკიცა.

პროექტის მიხედვით, 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საქართველო ყოველწლიურად 1'200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით უნდა მოემარაგებინა, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდებოდა.

გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლიდან უნდა დაეწყო, ხოლო მშენებლობის დასრულება 2021 წელს იგეგმებოდა. 

კომენტარები