ნენსკრა ჰესი

მთავრობა: საჭიროების შემთხვევაში, ჭუბერის მკვიდრი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება

ხატია მიქიანი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, "საჭიროების შემთხვევაში, ჭუბერის მკვიდრი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება". მთავრობა აღნიშნავს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პირველივე წუთიდან აკონტროლებენ მდგომარეობას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს. სოფელ ჭუბერში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები" - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა.

კომპანია ნენსკრა ჰიდროს განცხადებით, სვანეთში შექმნილი ვითარება ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით". 

სტიქიის ნენსკრა ჰესთან კავშირს გამორიცხავს ჭუბერის რწმუნებულიც. ნინო ვიბლიანის თქმით, "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირ კავშირში ეს ყველაფერი ჰესის მშენებლობასთან არ არის. გუშინ იყო წვიმა და მოწყდა მთის გარკვეული მასა, რომელმაც ჩახერგა მდინარე, რომელიც შემდეგ ერთბაშად წამოვიდა“.

ნენსკრაჰესის მშენებლობას ადგილობრივები წლებია ეწინააღმდეგებიან. ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ 2017 წელს გაკეთებული განცხადებით, "ვინაიდან ეს რეგიონი [სვანეთი], რომელიც ცენტრალური კავკასიონის მთიანეთის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, მეწყერსაშიშია, ღვარცოფებითა და მცირე მიწისძვრებით გამოირჩევა, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრებმა და ვიბრაციამ შეიძლება პროცესები დააჩქაროს". 

კომენტარები