სტიქია ჭუბერში

მინისტრის მოადგილე ჭუბერზე: სპეციალისტები პროცესების გაუარესებას არ პროგნოზირებენ

ხატია მიქიანი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე ნენსკრას დონემ მკვეთრად დაიწია და მოსალოდნელი ნალექის მიუხედავად, სპეციალისტები პროცესების გაუარესებას აღარ პროგნოზირებენ.

უწყების ცნობითვე, საველე კვლევების შედეგად სპეციალისტები განმარტავენ, რომ მყინვარის ინტენსიურ დნობას თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექი, რამაც მდინარე ნენსკრას აუზში წყლის დონის მკვეთრი მატება გამოიწვია. სამინისტროს განცხადებით, სწორედ ამის შედეგი იყო მდინარის ნაპირების ჩარეცხვა, ხეობაში არსებულ ფერდობებზე მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება და ღვარცოფული მოვლენები.

"მდინარის დონემ გუშინდელთან შედარებით მკვეთრად დაიწია. სპეციალისტები პროცესების გაუარესებას აღარ პროგნოზირებენ. სინოპტიკოსების ინფორმაციით დღის მეორე ნახევარში რეგიონში მოსალოდნელია ნალექი, თუმცა არა ისეთი როგორიც იყო გუშინ. გამომდინარე აქედან, ასეთი მასშტაბების პროცესებს აღარ ველოდებით", - ამბობს მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, რომელიც სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში იმყოფება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალისტების ჯგუფი ადგილზე საველე კვლევებს აგრძელებს და დამატებითი ინფორმაცია უმოკლეს ვადებში გახდება ცნობილი.

სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი გუშინ, 5 ივლისს ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა.

დღეს სტიქიის ზონაში საქართველოს პრემიერმინისტრიც გაემგზავრა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

ცნობისთვის, კომპანია ნენსკრა ჰიდროს განცხადებით, სვანეთში შექმნილი ვითარება ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით". 

ნენსკრაჰესის მშენებლობას ადგილობრივები წლებია ეწინააღმდეგებიან. ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ 2017 წელს გაკეთებული განცხადებით, "ვინაიდან ეს რეგიონი [სვანეთი], რომელიც ცენტრალური კავკასიონის მთიანეთის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, მეწყერსაშიშია, ღვარცოფებითა და მცირე მიწისძვრებით გამოირჩევა, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრებმა და ვიბრაციამ შეიძლება პროცესები დააჩქაროს".

კომენტარები