სტიქია ჭუბერში

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში სტიქიის ზონაში ჩავიდა. პრემიერმინისტრი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. სტიქიის ზონაში პრემიერმინისტრთან ერთად ჩავიდნენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. პრემიერი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში მივიდა, სადაც ისმენს ინფორმაციას განხორციელებული სამუშაოებისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა.

კომპანია ნენსკრა ჰიდროს განცხადებით, სვანეთში შექმნილი ვითარება ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით". 

ნენსკრაჰესის მშენებლობას ადგილობრივები წლებია ეწინააღმდეგებიან. ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ 2017 წელს გაკეთებული განცხადებით, "ვინაიდან ეს რეგიონი [სვანეთი], რომელიც ცენტრალური კავკასიონის მთიანეთის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, მეწყერსაშიშია, ღვარცოფებითა და მცირე მიწისძვრებით გამოირჩევა, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრებმა და ვიბრაციამ შეიძლება პროცესები დააჩქაროს". 

კომენტარები