საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვა: მინისტრის ავღანეთში ყოფნისას ბაზას თავს დაესხნენ, არავინ დაშავებულა

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში, ბაზა "კუნდუზზე" იმყოფებოდა, სადაც, ქართული ოცეულის მონახულების შემდეგ, ბაზის სიახლოვეს ჭურვები ჩამოვარდა.

"საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ავღანეთში, ბაზა "კუნდუზზე" ქართული ოცეულის მონახულების შემდეგ, ბაზის მიმართულებით ორი არაპირდაპირი გასროლა განხორციელდა. ჭურვები ბაზის სიახლოვეს ჩამოვარდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ბაზა "კუნდუზზე" დისლოცირებული IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეული მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას განაგრძობს", - აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ბაზაზე გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. რაც შეეხება ავღანეთში ვიზიტს, იზორიასთან ერთად იქ არიან იქ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაია. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას იანვრიდან ასრულებს. ქართული ქვედანაყოფი გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, ოპერაციის რაიონში პატრულირებას და სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებს.

კომენტარები