საქართველო- რუსეთის ურთიერთობა

კარასინი: თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რუსეთი ქართულ მხარესთან ერთად სწავლობს

euractiv.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამლავი ნივთიერების დაღვრასთან დაკავშირებულ ინციდენტს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად სწავლობს. 

"საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექცია შვეიცარიის ელჩთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებასთან, მუდმივ კონტაქტშია, რათა 2 ივლისს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის დეტალები გავარკვიოთ“, - თქვა კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ბ. დააკავა. მას ბრალად 2018 წლის 2 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაღვრა ედება. შედეგად, რამდენიმე ადამიანი მოიწამლა.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

კომენტარები