მთავარი პროკურორობის კანდიდატი

შავგულიძე: მხოლოდ წნეხს შეუძლია აიძულოს "ოცნება", დათმოს მთავარი პროკურორის პოზიცია

fd.ge

მთავარი პროკურორობის ერთერთი კანდიდატის შალვა შავგულიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ არ აიღო პასუხისმგებლობა, რომ თავად დაებლოკა პარტიისთვის არახელსაყრელი კანდიდატი.

"მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, ქართულმა ოცნებამ უშუალოდ არ აიღო პასუხისმგებლობა, რომ თავად დაებლოკა ასე ვთქვათ მისთვის არახელსაყრელი კანდიდატი, როგორადაც ალბათ მე მოვიაზრები, მაგრამ ის ამ დავალებას მისცემს საპროკურორო საბჭოს. შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ძლიერ საზოგადოებრივ წნეხს შეუძლია აიძულოს ქართული ოცნება რეალურად დათმოს მთავარი პროკურორის პოზიცია. ასეთმა საზოგადოებრივმა წნეხმა აიძულა ქართული ოცნება, გადაეყენებინა მთავარი პროკურორი, მხოლოდ ესეთ ძლიერ საზოგადოებრივ მოთხოვნას შეუძლია აიძულოს ხელისუფლება მთავარ პროკურორად დაინიშნოს არა მისთვის სასურველი, არამედ საზოგადოებისთვის სანდო და მისაღები პერსონა"- თქვა შავგულიძემ და აღნიშნა, რომ მთავარმა პროკურორმა უნდა უზრუნველყოს პროკურატურის დამოუკიდებლობა პოლიტიკური გავლენებისგან.

"მთავარი და უმთავრესი პრობლემა არის რომ, მთავარმა პროკურორმა უნდა შეძლოს და უზრუნველყოს პროკურატურის დამოუკიდებლობა პოლიტიკური გავლენებისგან, უპირველესად მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენისგან. ეს არის მთავარი ავადმყოფობა, რაც სჭირს ჩვენს პროკურატურას ჩვენი ბოლო ისტორიის მანძილზე. ის ყოველთვის იყო არა სახელმწიფო ბრალდების, არამედ მმართველი პოლიტიკური ძალის ბრალდების განმახორციელებელი ორგანო"- აღნიშნა მან.

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები დღეს წარუდგინა. 18 კანდიდატიდან სარჯველაძემ თსუ-ს ასისტენტ-პროფესორის ნინო გოგნიაშვილის, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შალვა თადუმაძის და თავისუფალი დემოკრატების ერთერთი ლიდერის შალვა შავგულიძის კანდიდატურები შეარჩია.

შალვა თადუმაძის და ნინო გოგნიაშვილის კანდიდატურები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა, შალვა შავგულიძის კანდიდატურა კი - ევროპულმა საქართველომ. 

კომენტარები