სტიქია ჭუბერში

გარემოს დაცვა: სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონე შემცირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ჭუბერის ხეობაში სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონე შემცირებულია. სპეციალისტების თქმით, მდინარე ნენსკრას ცალკეულ უბნებზე შეგუბებები არ არის და არც მასშტაბური სტიქიური მოვლენებია მოსალოდნელი.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან ხეობაში მიმდინარე პროცესებს.

"მდინარე ნენსკრას აუზში მოსული ძლიერი ნალექის და მყინვარების ინტენსიური დნობით გამოწვეული მაღალი წყლიანობის გამო, მდინარის ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გაჩენასა და გააქტიურებას, რამაც მდინარის ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების შეგუბება და ღვარცოფული პროცესების ფორმირება გამოიწვია. მდინარის წყლის დონის მატების შედეგად, წარეცხილია მდინარის ნაპირები" - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სინოპტიკოსთა ინფორმაციით, მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე, 6 ივლისის 17:00 საათიდან 7 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი. 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

გუშინ, სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა.

კომპანია ნენსკრა ჰიდროს განცხადებით, სვანეთში შექმნილი ვითარება ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით". 

ნენსკრაჰესის მშენებლობას ადგილობრივები წლებია ეწინააღმდეგებიან. ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ 2017 წელს გაკეთებული განცხადებით, "ვინაიდან ეს რეგიონი [სვანეთი], რომელიც ცენტრალური კავკასიონის მთიანეთის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, მეწყერსაშიშია, ღვარცოფებითა და მცირე მიწისძვრებით გამოირჩევა, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრებმა და ვიბრაციამ შეიძლება პროცესები დააჩქაროს". 

კომენტარები