სტიქია ჭუბერში

სუბარი: პრემიერმა მთხოვა პირადად გადავცე ამ 2 ოჯახს, რომ მათ ახალი სახლები ექნებათ

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, ორ ოჯახს, რომელთაგან ერთი სახლი ცოტა ხნის წინ მდინარემ წაიღო, მეორეს კი საფრთხე ემუქრება, ახალ საცხოვრებელი ექნებათ.

მინისტრის თქმით, ის ცოტა ხნის წინ ესაუბრა პრემიერ მამუკა ბახტაძეს, რომელმაც სტიქიის ზონა რამდენიმე საათის წინ დატოვა.

"მე ერთი წუთის წინ დავასრულე საუბარი პრემიერთან დამაბარა მოსახლეობასთან რომ ყველას დავუდგებით გვერდით, მთხოვა პირადად გადავცე ამ ორ ოჯახს, რომ მათ ახალი სახლები ექნებათ,“- ამბობს სუბარი.

სოფელ ჭუბერში სტიქიის გამო კიდევ ერთი სახლი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახლიდან და ყველა საშიში ზონიდან გუშინ მაცხოვრებლების ევაკუაცია მოხდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ჭუბერის ხეობაში სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონე შემცირებულია. სპეციალისტების თქმით, მდინარე ნენსკრას ცალკეულ უბნებზე შეგუბებები არ არის და არც მასშტაბური სტიქიური მოვლენებია მოსალოდნელი.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან ხეობაში მიმდინარე პროცესებს.

სინოპტიკოსთა ინფორმაციით, მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე, 6 ივლისის 17:00 საათიდან 7 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი. 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

გუშინ, სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა.

კომპანია ნენსკრა ჰიდროს განცხადებით, სვანეთში შექმნილი ვითარება ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით". 

ნენსკრაჰესის მშენებლობას ადგილობრივები წლებია ეწინააღმდეგებიან. ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ 2017 წელს გაკეთებული განცხადებით, "ვინაიდან ეს რეგიონი [სვანეთი], რომელიც ცენტრალური კავკასიონის მთიანეთის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, მეწყერსაშიშიაღვარცოფებითა და მცირე მიწისძვრებით გამოირჩევა, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრებმა და ვიბრაციამ შეიძლება პროცესები დააჩქაროს". 

კომენტარები