თავდასხმა

უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში 2 პირი: 1997 წელს დაბადებული მ.ზ. და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. დააკავეს. საქმე ეხება მთაწმინდის პარკთან უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ყაჩაღურ თავდასხმას.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელის მოქალაქეს, 1948 წელს დაბადებულ ჯ. ჰ. კ.-ს თბილისში, ამაღლების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაწმინდის პარკში ამავალ საფეხმავლო ბილიკზე, მისთვის უცნობმა ორმა პირმა იარაღის მუქარით 200 აშშ დოლარი და 800 ლარი გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაზარალებულმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის შესახებ მიღებული შეტყობინებიდან რამდენიმე საათში დამნაშავეთა ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს და ორივე პირი დააკავეს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები