ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

ზუგდიდის საკრებულომ ეპარქიას ტაძრის მშენებლობისთვის თანხა 294 000 ლარით შეუმცირა

ლაივპრესი

ზუგდიდის საკრებულომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ზუგდიდის მშენებარე ტაძრისა და კორცხელის მონასტრისთვის თანხა შეუმცირა - ეკლესია 494 ათასი ლარის ნაცვლად, 200 ათასი ლარით დაფინანსდება. 

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ ჭეჟიამ გამოცემა ლაივპრესს უთხრა, რომ ეპარქიამ ხარჯთაღრიცხვა ვერ წარმოადგინა. 

„მათ ვერ წარმოადგინეს ხარჯთაღრიცხვა, ვერ ითვისებენ წლის ბოლომდე გამოყოფილ თანხებს. ამის გამო კორცხელის მონასტრისა და მშენებარე ტაძრის დაფინანსება შემცირდა", - უთხრა ჭეჟიამ ლაივპრესს

თუმცა, ეპარქია ჭეჟიას ამ განცხადებას სიცრუეს უწოდებს. 

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბატონ ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ნაცვლად 494 000 (ოთხას ოთხმოცდა თოთხმეტი) ათასი ლარისა (კორცხელის დედათა მონასტერი, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის მონასტერი, ეპარქიაში ეკლესიებისა და ტაძრების), სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოეყოფა 200 000 (ორასი ათასი) ლარი. იმ მიზეზით, რომ ეპარქიამ ვერ წარადგინა ხარჯთაღრიცხვა და წლის ბოლომდე ვერ ითვისებს გამოყოფილ თანხებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

საზოგადოებას გვინდა ვამცნოთ, რომ 2018.19.02 N7 წერილით მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას 2018 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამტკიცებული 400 000 (ოთხასიათასი) ლარის, გამოყოფაზე. მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ეპარქიას შორის გაფორმებულიყო მემორანდუმი, მხარეთა შორის დღემდე არ არის ხელმოწერილი.

ჩვენთვის ადგილობრივი ხელისუფლებიდან ოფიციალური წერილით ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შესახებ არავის არ მოუმართავს. ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ თითქოს ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს დადგენილ ვადებში ეპარქია ვერ ითვისებს, არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე 2018 წლის განმავლობაში ერთი თეთრიც არ არის ჩარიცხული ეპარქიის ანგარიშზე“, - აცხადებს ეპარქია.

კომენტარები