სტიქია ჭუბერში

პრეზიდენტმა ჭუბერში სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გასცა

ხატია მიქიანი

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სამეგრელო- ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.

ბრძანებაში ნათქვამია:

"საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა;

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა". 

პრეზიდენტის ამ ბრძანების გამო ხვალ პარლამენტში, 17:30 საათზე რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორედ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 

5 ივლისს სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ადიდებულმა მდინარემ ორი სახლიც წაიღო. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა. 

დღეს ჭუბერში ნალექის ინტენსივობა, ისევე როგორც მდინარე ნენსკრას დონე საგრძნობლად შემცირებულია. 

კომენტარები