ყაჩაღობა

გალფის ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

 

სამართალდამცავებმა თბილისში „გალფის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა ავჭალაში მოხდა და ბრალდებული ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს ყაჩაღურად თავს დაესხა. 

"სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ვ., ყაჩაღობის ბრალდებით, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 100 მეტრში, მიმალვის მცდელობისას დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კომპანია „გალფის“ კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით 500 ლარი გასტაცა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და გატაცებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოკითხვისას გ.ვ.-მ მის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული აღიარა. მისივე განაცხადებით, რამდენიმე დღის წინ თბილისში, სანზონაში მდებარე „გალფის“ ავტოგასამართ სადგურზეც განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, სადაც ოპერატორს, ასევე, დანის მუქარით 300 ლარი გასტაცა." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები