სამაშველო ოპერაცია ტაილანდში

მედიის ცნობით, ტაილანდის მღვიმიდან 6 ბავშვი გამოიყვანეს, ფლოტის ცნობით - 4

AFP

ტაილანდში, მღვიმეების კომპლექსში დარჩენილი მოზარდების და მათი 25 წლის მწვრთნელის გადარჩენის ოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. 

როგორც როიტერი, ასევე ტვიტერის მომხმარებლები იტყობინებიან, 6 მათგანი მღვიმიდან უკვე გამოყვანილია.

როიტერს ინფორმაცია სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელმა დაუდასტურა. ასევე, გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ასახულია სასწრაფო დახმარების მანქანები, რომლებიც ტერიტორიას ტოვებენ - ბავშვები ჩიანგ რაის კლინიკაში გადაჰყავთ.

ტაილანდის ფლოტის ფეისბუქის გვერდის ცნობით კი, მღვიმიდან 4 ბიჭია გამოყვანილი. 

სამაშველო ოპერაციაში ტაილანდის საზღვაო ფლოტის 5 და 13 უცხოელი მყვინთავი მონაწილეობს.

12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელი, რომლებიც ტაილანდის და მიანმარის საზღვართან მღვიმეების კომპლექსში ორი კვირის წინ დაიკარგნენ, მაშველებმა 10 დღიანი ძებნის შემდეგ, 6 დღის წინ იპოვეს. 

სამძებრო სამუშაოებს მღვიმეებში აწეული წყლის დონე ართულებდა. დაკარგულები ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა მათ გამოყვანა ამ დრომდე შეუძლებელი იყო.

მღვიმეების კომპლექსის შესასვლელიდან იმ გამოქვაბულამდე მიღწევისათვის, სადაც ბიჭები იმყოფებიან, გამოცდილ მყვინთავებს 3 საათი სჭირდებათ. გადაადგილებას წყალქვეშ დაბალი ხილვადობაც ართულებს.

ვინაიდან კვირის ბოლოსთვის წყლის დონის მომატება და შტორმია ნავარაუდევი, ასევე გამოქვაბულში ჟანგბადის დონე მკვეთრად შემცირდა, სამაშველო ოპერაცია დაჩქარდა. თუმცა, სანამ მის დასრულებამდე ვითარება კვლავ ძალიან სახიფათოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მაშველებისთვისაც

სამაშველო ოპერაცია სრულ სიბნელეში სიარულს, ცოცვას, ცურვას და ყვინთვას გულისხმობს. 


ფოტო: BBC

მაშველებს და ბიჭებს სახეზე სპეციალური ნიღბები უკეთიათ, ასევე თან აქვთ ჟანგბადის ბოთლები. თითოეულ ბიჭს ორი მაშველი აცილებს. 

ტამ ლუან ნანგ ნონის გამოქვაბულები ტურისტული სანახაობაა. მღვიმეების კომპლექსი მიწის ქვეშ რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. მათ ნაწილი მთლიანად წყლითაა დაფარული, ხოლო ნაწილი წვიმიან სეზონზე, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში იტბორება.

კომენტარები