გენდერული თანასწორობა

მამების დეკრეტული შვებულება - 3 კაცის გამოცდილება და კანონმდებლობა

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

2014 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მამების 30-42% 6 წლამდე ბავშვებს არასდროს უმზადებს საჭმელს, უცვლის საფენებს ან აბანავებს. ხოლო 7-დან 12 წლამდე ბავშვების მამების მხოლოდ 7% უმზადებს შვილებს საჭმელს, ურეცხავს ტანსაცმელს ან უკითხავს წიგნებს.

ტაბულა მოგითხრობთ კაცებზე, რომლებმაც იციან, რომ შვილზე ზრუნვა ისევეა მათი პასუხისმგებლობა, როგორც დედის. მათ ბავშვის მოვლისთვის დეკრეტული შვებულება აიღეს.

გიორგი, ნინუცა და შოთიკო

ფოტოგრაფი გიორგი ბეჟანიშვილი თელავში ცხოვრობს. ახლა 32 წლისაა და ორი შვილი ჰყავს. სამსახურიდან დეკრეტული შვებულება 2014 წელს აიღო, როცა მას და მის ცოლს მეორე შვილი გაუჩნდათ. ამბობს, რომ თავდაპირველად ეს გადაწყვეტილება ცოლის დატვირთული გრაფიკის და კარიერული წინსვლის გამო მიიღო, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ სხვა ადამიანებისთვის მაგალითის მიცემაც შეეძლო.

"ბავშვი რომ დაიბადა, ორივე ვმუშაობდით, მაგრამ ჩემი მეუღლის გრაფიკი უფრო დატვირთული იყო. ამიტომ უფრო მისაღები იყო, რომ მე მესარგებლა დეკრეტული შვებულებით და მას კარიერული წინსვლა არ შეეწყვიტა. პირველი შვილის მოვლაშიც მაქსიმალურად ვიყავი ჩართული და არ გამჭირვებია, ვიცოდი ძირითადად რა უნდა გამეკეთებინა. საჭმლის მომზადების პერიოდები იყო ცოტა რთული, დანარჩენი - გამოცვლა, დაბანა და მსგავსი რაღაცები მარტივი იყო", - ამბობს გიორგი ტაბულასთან.

ის დარწმუნებულია, რომ შვილის აღზრდის პროცესში დედის და მამის ჩართულობა თანაბრად მნიშვნელოვანია.

"რამდენადაც მნიშვნელოვანია დედის როლი, იმდენად მნიშვნელოვანია მამის როლიც, 50/50-ზე. მე ჩემი ოჯახიდან გამომდინარე მივიღე გამოცდილება, თუ როგორი უნდა იყოს ოჯახი, სადაც როლები არის თანაბრად გადანაწილებული. სტერეოტიპები, რომლებიც ახასიათებს საბჭოთა კავშირის დროინდელ ქართულ ოჯახებს, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილები გაიზარდონ ისეთ გარემოში, რომელიც უფრო კომფორტული იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, გენდერის მიუხედავად, მშობლები აქტიურად უნდა ჩავერთოთ. გულწრფელად რომ ვთქვა, თავიდან დეკრეტული შვებულება ავიღე არა იმიტომ, რომ ამ კუთხით რაღაც დამემტკიცებინა, მაგრამ შემდეგ, როცა კითხვები დაისვა, თუ რატომ ვაკეთებ ამას და ყველაფერი გენდერულ ჭრილში განიხილებოდა, აქტიურად დავიწყე ამაზე საუბარი. აღმოჩნდა, რომ თურმე ამ კუთხით მწვავე მდგომარეობა გვაქვს საქართველოში. მქონდა საშუალება, მედიით მესაუბრა ამ თემებზე და კარგი გამოცდილება იყო, მივხვდი, რომ შემეძლო სხვა ადამიანებისთვისაც მიმეცა მაგალითი", - ამბობს ფოტოგრაფი.

რაც შეეხება სტერეოტიპებს, გიორგი ბეჟანიშვილი ყვება, რომ თავდაპირველად მისი დეკრეტი ყველას გაუკვირდა, თუმცა კახური იუმორის საშუალებით ეს საკითხი მარტივად დაძლევადი აღმოჩნდა.

"ეს ამბავი რომ გახმაურდა, ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი, თითქოს გმირობა ჩავიდინე. მე ასე არ ვუყურებდი ამ საკითხს და ჩემმა თანაქალაქელებმაც რაღაც დონეზე მალევე მიიღეს ეს ყველაფერი, დამცირება ან უხეში დაცინვა არასდროს არ მიგრძვნია. თავიდან იყო კახური იუმორით გაჯერებული ხუმრობები, მაგრამ შემდეგ, როცა ბავშვს ვასეირნებდი ან კორპუსის ეზოში მხედავდნენ შვილთან ერთად, ძალიან დადებითი დამოკიდებულება იყო. სოციალური ქსელშიც იყო მხარდაჭერა და თუ არ ჩავთვლით მსუბუქ ხუმრობებს, ნეგატიური კომენტარები არ მახსენდება", - ამბობს გიორგი.

ის ყვება, რომ 2014 წელს, როცა დეკრეტული შვებულება აიღო, თელავის უნივერსიტეტში მუშაობდა, რომელიც ძალიან დაუდგა მხარში. სამართლებრივი დეტალების მოგვარებაში კი სახალხო დამცველის აპარატი დაეხმარა. მისი თქმით, ამ ტიპის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დეკრეტული შვებულებით თვითონაც ბევრი რამ ისწავლა.

"როცა ბავშვი იწყებს განვითარებას, ის აკვირდება ოჯახის წევრებს. კარგია, რომ მამამაც თავისი ხასიათი, დადებითი თვისებები გადასცეს მას. მაგალითად, მე ზოგადად ვარ მშვიდი ადამიანი და ვცდილობდი, როცა ბავშვი ტიროდა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა და თამაშ-თამაშით დამეწყნარებინა. რაღაცნაირად გადავიდა ეს ბუნება ჩემს ორივე შვილზე, პოზიტივისკენ მოწოდება. ამავდროულად, ეს პროცესი დადებითი იყო ჩემთვისაც - დღეს ძალიან რთულია, იყო 30 წლის და არ გაწუხებდეს პრობლემები. ბავშვთან ურთიერთობამ მომცა ის, რომ უფრო მეტად პოზიტიურად ვუდგები ცხოვრებას, რაღაცნაირად მეც ბავშვობაში ვბრუნდებოდი მათთან თამაშისას. ძალიან კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს და დღესაც კარგად ვარ, როცა თავისუფალი დრო მაქვს და ბავშვებთან ერთად ვარ ოჯახში. სამწუხაროა, რომ მამები ხშირად არ არიან აქტიურად ჩართულები შვილების აღზრდაში", - ამბობს გიორგი ბეჟანიშვილი.

მირიანი და ლიზა

"სულ ამას ვამბობ ხოლმე, რომ მე და ლიზა მუცლიდან ვმეგობრობთ. ძალინ მინდოდა, რომ პირველი დღეები მასთან ერთად გამეტარებინა", - ამბობს კომუნიკაციების სპეციალისტი, მირიან ჯუღელი.

მას დეკრეტული შვებულება ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა და აღნიშნავს, რომ ეს ერთი თვე მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირებულების და ბედნიერების მომტანი პერიოდი იყო.

"ლიზა ჩვენი პირველი შვილია და როცა გამოცდილება არ გაქვს, ეს ყველაფერი ძალიან რთულია. მინდოდა, რომ ჩემს მეუღლესთან და შვილთან ვყოფილიყავი და რაღაცნაირად გადაგვენაწილებინა ყველა ის ვალდებულება, რომელიც ოჯახში ბავშვის გაჩენას ახლავს თან. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირებულების და ბედნიერების მომტანი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში, როცა 24 საათის განმავლობაში ლიზასთან ერთად ვიყავი", - ამბობ ის.

მირიანი ყვება, რომ დეკრეტის დროს ყველაზე მეტად მაშინ ინერვიულა, როცა გაცივდა და ვირუსი ბავშვს გადაედო. მისი თქმით, იყო სირთულეები კვებაშიც, რომლებიც ლიზას დედამ და მამამ ერთად გადალახეს.

"თავიდან, როგორც ბავშვების უმრავლესობას, ლიზასაც ცუდად ეძინა, ღამით ბევრჯერ იღვიძებდა და შესაბამისად, ჩვენც ვიღვიძებდით. ამ პერიოდში იმუნიტეტი ისე დამიქვეითდა, რომ გავცივდი და ვირუსი ლიზას გადაედო. ძალიან ვინერვიულე. ექიმმა მოასწრო ამ ყველაფრის სურდოზე შეჩერება და გართულებები არ ყოფილა, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი. ამას ემატებოდა უძილობაც, როცა ვერ ვხვდებოდი, როდის მეძინა და როდის მეღვიძა, მაგრამ რაღაც ინერციით მივდიოდით წინ და ვიცოდით, რომ მისთვის კარგს ვაკეთებდით. ასევე, მახსოვს, უკვე სამსახურში ვიყავი გასული, როცა ლიზამ პირველად გასინჯა ხელოვნური რძე, მისმა ორგანიზმმა არ მიიღო და ცუდად გახდა. ჩემმა მეუღლემ დამირეკა ანერვიულებულმა და სასწრაფოდ წავედი სახლში. ამის მერე მივხვდი, რომ ყველაფერ პირველს ლიზას ცხოვრებაში მინდა დავესწრო, ჩემს თავში შემოვინახო როგორ იზრდება და მშვენიერდება, როგორ ვითარდება მისი ცხოვრება", - ყვება მირიანი.

რაც შეეხება სტერეოტიპებს, მირიან ჯუღელი ამბობს, რომ მისი დეკრეტული შვებულება ხშირად გაკვირვებიათ, თუმცა ლიზას აღზრდაში მის ჩართულობასთან დაკავშირებით ძალიან მყარი პოზიცია აქვს და შეცვლას არ აპირებს.

"სტერეოტიპებთან პირდაპირი შეჯახება არ მქონია, იმიტომ, რომ ძალიან ჩამოყალიბებული და მყარი პოზიცია მაქვს ლიზას აღზრდაში ჩემ ჩართულობასთან დაკავშირებით და ძალიან რთულია ვიღაცამ ამაში გადამარწმუნოს, განსხვავებული აზრით რაღაც დამიმტკიცოს. თუმცა როცა მითქვამს, რომ დეკრეტში ვარ ნამყოფი, უკვირთ, რადგან თითზე ჩამოსათვლელია მამების რიცხვი საქართველოში, რომლებმაც ისარგებლეს ამ შვებულებით. ლიზა ჩემი მეუღლის და ჩემი შვილია და არ მინდა მხოლოდ დედამ აღზარდოს, მინდა რაღაც ჩემიც შევძინო მას და რა თქმა, უნდა მივცე სრული თავისუფლება იმაში, რაც თვითონ უნდა. მინდა უბრალოდ დავტკბე იმითი, თუ როგორ იცვლება ყოველდღიურად", - ამბობს ის.

მირიანის აზრით, როცა ბავშვის აღზრდაში ორივე მშობელი ჩართულია, ის უფრო ბედნიერია. მისი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში, იმ ადგილებში, სადაც ლიზასთან ერთად სეირნობს, უფრო მეტ მამას ხედავს შვილებთან ერთად, ისინი უფრო მეტად არიან ჩართულნი შვილების აღზრდაში და საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული როლებისადმი იცვლება.

"როცა ბავშვს ორივე მშობელი თანაბრად უვლის და ზრდის, ის ბევრად უფრო ბედნიერია - ხედავს ოჯახში სიმშვიდეს, ჰარმონიას. არაერთი კვლევა თუ ფსიქოლოგიური დაკვირვება ცხადყოფს, რომ ჰარმონიულ და მშვიდ ოჯახებში, სადაც მამებიც ჩართულები არიან, ბავშვები უფრო ბედნიერები არიან. არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ შვილი ხშირად გადაწყვეტილებებს მშობლებიდან გამომდინარე იღებს და როცა ხედავს, რომ მამა მზრუნველია, პარტნიორსაც შესაბამისად აირჩევს", - აღნიშნავს ლიზას მამა.

მირიანი 29 წლისაა, ლიზა კი უკვე 3-ის. მამა ამბობს, რომ შვილთან ურთიერთობა ბედნიერებას ანიჭებს. განსაკუთრებით მოსწონს ლიზას კითხვებზე პასუხების გაცემა.

"უდიდესი ბედნიერებაა, როცა ლაპარაკს იწყებს და პირველ კითხვებს გისვამს. შეიძლება მარტივად მოგეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ღრმა კითხვებია. მაგალითად, რატომ არ ვარდება ბუზი ჭერიდან? სერიოზული დაფიქრება გჭირდება, რომ მას ეს გასაგებად აუხსნა. სამყაროს შეცნობას როცა იწყებს, შეიძლება ითქვას, რომ პირველი „გუგლი“ ხარ მისთვის, როგორც მშობელი, პირველი საძიებო სისტემა ხარ. შენთან მოდის ყოველდღიური კითხვებით და ამაზე პასუხების გაცემა უდიდესი ბედნიერებაა. მგონია, რომ სინამდვილეში, ამ ყველაფრის გამოტოვება, ყველა მშობელს სწყინს", - ამბობს მირიანი.

ირაკლი, ალექსანდრე და დანიელი

36 წლის პოეტმა, ირაკლი კაკაბაძემ (იაკი კაბე) დეკრეტული შვებულება 2011 წელს, მეორე შვილის დაბადების შემდეგ აიღო. მაშინ განათლების სამინისტროში მუშაობდა და ამბობს, რომ უფროსის ხელშეწყობით მოახერხა ჯანდაცვის სამინისტროსთვის დაემტკიცებინა, რომ დეკრეტი ნამდვილად ეკუთვნოდა. ირაკლი ყვება, რომ მეორე შვილის დაბადების დროს მის ცოლს სამსახურში ძალიან კარგი კონტრაქტი ჰქონდა და ამის დაკარგვა არ უნდოდათ, გარდა ამისა, მამაკაცის დეკრეტის იდეაც ხიბლავდა.

მან 6-თვიანი დეკრეტული შვებულებით ისარგებლა და ამბობს, რომ პირველი შვილის აღზრდაში მიღებული გამოცდილება ძალიან დაეხმარა.

"შეკითხვები იყო ხოლმე - აბანავებ კიდეც? პამპერსსაც უცვლი? კი, შრომატევადია ნამდვილად და ძალიან ცოდოები არიან, როცა მარტო ეჭიდებიან ასეთ რაღაცებს ქალები. ჩვენთან რატომღაც გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ მამები შვილების აღზრდის პროცესში გვიან ერთვებიან. არადა, ეს პირველივე ეტაპიდან ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ორი ადამიანი წყვეტს, რომ იყოს ქორწინებაში, თანაცხოვრებაში, ყველა პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილონ. როცა შეგვიძლია თანაცხოვრების დროს ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, ამაზე უკეთესი რა არის? მით უმეტეს, რომ საქმე ეხება შვილს, რომელსაც შეგვიძლია ჩვენი უნარები, თუ რამე გაგვაჩნია, მივცეთ", - ამბობს ირაკლი.

ის გვიყვება, რომ მას შემდეგ, რაც მისი დეკრეტის შესახებ საჯარო გახდა და ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში იყო სტუმრად, მაყურებლის რეაქცია თავდაპირველად დადებითი არ იყო.

"თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ვიცოდი, რომ ეს გარდამტეხი იყო და ხვალ და ზეგ უამრავი ადამიანი გამოჩნდებოდა, ვისაც სურვილი გაუჩნდებოდა, რომ მეუღლეს დახმარებოდა და ბავშვის აღზრდაში ამ სახით მიეღო მონაწილეობა", - ამბობს ის.

ირაკლის თქმით, შვილებთან ურთიერთობით იმაზე მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე ბევრი სხვა საქმით. ახლა ალექსანდრე და დანიელი 9 და 6 წლისები არიან და მამასთან ერთად სამზარეულოში ექსპერიმენტები უყვართ, ასევე, ძაღლთან თამაში.

"სკოლის მოსწავლეები არიან, იქვე მეცადინეობენ და ძალიან გვიან მოდიან სახლში. ამიტომ ერთმანეთთან ყოფნის დეფიციტი გვაქვს. ერთად ყველაზე მეტ დროს შაბათ-კვირას ვატარებთ. ორივეს უყვარს ხოლმე ჩემი მოხმარება, ძირითადად სამზარეულოში მეხმარებიან. ჩვენ პატარა კაფე გვაქვს სტამბოლში, სადაც მე ვამზადებ საჭმელებს. ბავშვებთან ერთად ვიგონებ თამაშებს, თან ვამზადებთ რაღაცებს. ასევე, გვყავს ძაღლი, რომელთან თამაშით ძალიან ვერთობით, დიდ დადებით ენერგიას ვიღებთ. უფროსი შვილი კომპიუტერით არის დაინტერესებული, ჰაკერობაზე ოცნებობს და მასწავლის კომპიუტერულ რაღაცებს, უმცროსი შვილიც ჩვენთან ერთად ერთობა ამ დროს", - გვიყვება ირაკლი კაკაბაძე.

სტატისტიკა, კანონი და პრაქტიკა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე დეკრეტული შვებულებით 8 კაცმა ისარგებლა. სავარაუდოდ, რეალური რაოდენობა განსხვავებულია, რადგან ეს არის ის მონაცემები, რომლებიც დამსაქმებლებმა ოფიციალურად გააფორმეს დეკრეტად.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ტაბულასთან ამბობს იმასაც, რომ მამისთვის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გაცემის ვალდებულება დამსაქმებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ დედა გარდაიცვალა.

„არის ისეთი შემთხვევებიც, როცა კერძო დამსაქმებელი აძლევს მამას დეკრეტულ შვებულებას, როცა ის ითხოვს. იმიტომ, რომ შრომის კანონმდებლობა ამას არ კრძალავს, მაგრამ არც ავალდებულებს. საჯარო სამსახურის კანონით, მამას აქვს დეკრეტული შვებულების უფლება, კერძო სექტორში ეს ჯერ-ჯერობით რეგულირებული არ არის, მაგრამ მიმდინარეობს კონსულტაციები“, - ამბობს პაატა ჟორჟოლიანი ტაბულასთან.

ჟორჟოლიანი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული 1000-ლარიანი ანაზღაურება დედებისთვისაა განკუთვნილი, რადგან ის ქალებს მშობიარობის შედეგად ერიცხებათ.

საქართველოს კანონმდებლობა ცალკე მამის დეკრეტულ შვებულებას არ არეგულირებს. განსაზღვრულია ორ წლიანი შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, საიდანაც სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებადია 6 თვე. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, აქ დეკრეტის ანაზღაურება როგორც დედის, ისე მამის შემთხვევაში, ნებაყოფლობითია. სპეციალისტები ამბობენ, რომ რადგან ორსულობა, მშობიარობა და შემდგომ ბავშვის მოვლა, როგორც შვებულების ეტაპები გამიჯნული არ არის, ეს ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მამამ რომელიმე მათგანით დამოუკიდებლად ისარგებლოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დეკრეტული შვებულებით ორივე მშობელი ერთდროულად ვერ ისარგებლებს. ასევე, შეუძლებელია დეკრეტის გაყოფა დედასა და მამას შორის.

"კანონში ჩანაწერი თითქოს ნეიტრალურია, მაგრამ მისი სტრუქტურა და განხორციელების მექანიზმები მხოლოდ და მხოლოდ ქალს აძლევს იმის უფლებას, რომ ისარგებლოს ფულადი ანაზღაურებით, რომელიც არის დაწესებული დეკრეტული შვებულებისთვის. გარდა ამისა, ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს და როგორც დედის, ისე მამის დეკრეტული შვებულების შესახებ კონკრეტული ჩანაწერი უნდა არსებობდეს. მეორე საკითხია შვებულების აღების წესი და მისი ხასიათი, მესამე კი ხანგრძლივობა. ჩვენ მთავრობას რამდენიმე საკანონმდებლო პაკეტს ვთავაზობთ, რათა ოპტიმალური ვერსია ჩამოვაყალიბოთ იმის გათვალისწინებით, რომ ამას ბიუჯეტზე ეკონომიკური გავლენა ექნება. დეკრეტული შვებულება პირდაპირ არის მიბმული ოჯახის შემოსავალთან. რადგანაც ის გამორიცხავს კაცის შვებულების ანაზღაურებას, ბუნებრივია ნაკლებად ხდება კაცების მიერ ამ შვებულებით სარგებლობა. მეორე საკითხია ცნობიერების ამაღლება როგორც მამებში, ასევე, დამსაქმებლებში. ჩვენ ორივე მიმართულებით ვმუშაობთ", - ამბობს ტაბულასთან გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი, მარიამ ბანძელაძე.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საქართველოში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა "კაცები ზრუნავენ", "მამა, წიგნი წამიკითხე", მამის დღის დაწესება და ა.შ.

UNFPA-ს 2014 წლის კვლევის მიხედვით, მამების 30-42% 6 წლამდე ბავშვებს არასდროს უმზადებს საჭმელს, უცვლის საფენებს ან აბანავებს. 7-დან 12 წლამდე ბავშვების მამების მხოლოდ 7% უმზადებს შვილებს საჭმელს, ურეცხავს ტანსაცმელს ან უკითხავს წიგნებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

კომენტარები