თურქეთი

თურქეთში სამსახურებიდან კიდევ 18 ათასი ადამიანი დაითხოვეს

Reuters

თურქეთში 18 ათასი ადამიანი სამსახურიდან დაითხოვეს, მათ შორის ჯარისკაცები, პოლიციელები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ასევე დაიხურა ერთი სატელევიზიო არხი და სამი გაზეთი.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ სამსახურიდან დათხოვნილთა რიცხვი 125 ათას ადამიანს აჭარბებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ინაუგურაციისთვისაც ემზადება - ის ორშაბათს გაიმართება. მისი ერთერთი დაპირება ორწლიანი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაა.

მედია იტყობინება, რომ მასობრივი გათავისუფლებები შესძლოა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე ბოლო ტალღა იყოს.

თურქეთში 2016 წლის ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ადამიანებს სამსახურებიდან მასობრივად ათავისუფლებენ ფეტულა გიულენთან კავშირის ბრალდებით.

ფეტულა გიულენი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ძველი მოკავშირე და ყოფილი იმამია. ის ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით ერდოღანმა ამერიკას გიულენის ექსტრადიცია სთხოვა, თუმცა ამერიკამ ყოფილი იმამი ოფიციალურ სტამბოლს არ გადასცა. მას შემდეგ ერდოღანის მთავრობა გიულენთან კავშირში შემჩნეულ პირებს დევნის.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 20 ივნისს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მან ხმების 53% მიიღო.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა აპრილში ერდოღანმა თარიღი გადმოწია.

გასული წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომლის შედეგად ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა, ახლად არჩეულ პრეზიდენტს ბევრად დიდი ძალაუფლება ექნება.

კომენტარები