ტურიზმი

ემირატები საქართველოს საზღვრიდან გაძევებული მისი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ითხოვს

flickr.com

არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მისი მოქალაქეების საქართველოს საზღვრიდან გაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საქართველოს მთავრობას მიმართა.

გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ინგლისურენოვანმა გამოცემა Khaleej Times-მა საქართველოს საზღვრიდან გაბრუნებულ პირთა მონაყოლზე დაწერა. ეს ადამიანები ყვებიან რომ მათ ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდათ, თუმცა საზღვარზე ისინი დაამცირეს და გაურკვეველი მიზეზების გამო საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს.

Khaleej Times-სთან გაერთიანებული საემიროების ბინადრობის ნებართვის მქონე ცოლ-ქმარი, ა. ბეგუმი და ბ. მუსტაფა ყვებიან, რომ ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 14 ივნისს ჩამოფრიდნენ. სამიგრაციო კონტროლის გავლისას კი განუცხადეს, რომ მათ საქართველოში შესვლის უფლება არ ჰქონდათ, რადგანაც სავიზო დოკუმენტაცია არ გააჩნდათ. ეს კი მოხდა იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში 90 დღით უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ როგორც გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებს, ასევე ამ ქვეყნის ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს.

ცოლ-ქმარის თქმით, ისინი თბილისში ჩამოფრენისთანავე პოლიციის თანხლებით გაიყვანეს განცალკევებულ ოთახში, სადაც სამიგრაციო კონტროლის გავლას აზიური ქვეყნების, ძირითადად პაკისტანის მოქალაქეები ელოდნენ. ბეგუმი, რომელიც დუბაიში გასული წლების განმავლობაში ბანკის აღმასრულებლად მუშაობდა ყვება, რომ ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, მათ საპოლიციო ტიპის დაკითხვა ჩაუტარეს, შემდგომ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე განუცხადეს რომ საქართველოში შესვლის უფლება არ ჰქონდათ და უკან გააბრუნეს. ბეგუმი, რომელიც ბანგლადეშის მოქალაქეა, ფიქრობს რომ აღნიშნული ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ მის წარმომავლობას უკავშირდებოდა. ის ეთნიკური ნიშნით დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობს. საზღვრიდან გაძევებული პირი არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას სთხოვს აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ.

არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პირველ განცხადებაში წერია, რომ - "საგარეო საქმეთა სამინისტრო და არაბთა გაერთიანებული საემიროების საელჩო თბილისში დიდი ყურადღებით სწავლობენ აღნიშნულ საკითხს."

გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით მეორე განცხადებაც გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული მხარიდან მიღებული პასუხია ასახული. მასში ვკითხულობთ:

"არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრომ სოციალური ქსელებითა და მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან გაერთიანებული საემიროების რიგი მოქალაქეების დეპორტაცია მოხდა, ქართულ მხარესთან გადაამოწმა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტებში საზღვრიდან გაბრუნების შემთხვევები შეეხებოდა არა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებს, არამედ მათ, ვისაც გაერთიანებულ საემიროებში ბინადრობის ნებართვა აქვთ."

საქართველოში მზარდ ტურისტულ ნაკადთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი რაოდენობაც, ვისაც საქართველოს საზღვარზე შემოსვლაზე უარი უთხრეს. ინდურ მედიაში, ასევე ტურისტულ ბლოგებზე განსაკუთრებით გახშირდა სტატიები, რომლებშიც საქართველოს საზღვრიდან გაბრუნებული პირები ქართველ მესაზღვრეებს უსამართლო და ქსენოფობიური გადაწყვეტილების მიღებისთვის აკრიტიკებენ.

ტაბულამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენ პირს ეთქვა უარი 2017 წელს საქართველოში შემოსვლაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში საქართველოს საზღვრიდან ჯამში 7,867 ადამიანი გააბრუნეს, მათგან 1,453, ანუ 18% ინდოეთის მოქალაქე იყო. ამავე პერიოდში ქვეყანაში 59,738 ინდოელი ვიზიტორი იმყოფებოდა, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში შემოსვლის მსურველი ინდოელების 2.4% საზღვრიდან გააბრუნეს.

ბევრად მაღალია საზღვრიდან გაბრუნების პროცენტული მაჩვენებელი ბანგლადეშის მოქალაქეთა მიმართ. 2017 წელს საზღვრიდან 149 ბანგლადეშის მოქალაქე გააბრუნეს, რაც საქართველოში შემოსვლის მსურველი ბანგლადეშელების 9%-ია. ანუ თითქმის 10%-იანი ალბათობაა, რომ საქართველომ ბანგლადეშელ ვიზიტორს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრას.

2017 წლის მდგომარეობით, საზღვრიდან გაბრუნებულ პირთა განაწილება ასეთია:

  1. ინდოეთი - 1453
  2. რუსეთი - 911
  3. თურქეთი - 770
  4. აზერბაიჯანი - 611
  5. სირია - 534
  6. უზბეკეთი - 445
  7. პაკისტანი - 328
  8. თურქმენეთი - 284
  9. იემენის რესპუბლიკა - 189
  10. ეგვიპტე - 184

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, 2017 წელს საქართველომ საზღვრიდან არაბთა გაერთიანებული საემიროების 18 მოქალაქე გააძევა, ხოლო 2018 წლის პირველ კვარტალში კი საემიროების 8 მოქალაქე გააბრუნეს საზღვრიდან. საინტერესოა, რომ ეს მონაცემები, წინააღმდეგობაში მოდის თავად გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მათი მოქალაქეები არ გაუძევებია.

კომენტარები