სამაშველო ოპერაცია ტაილანდში

მაშველებმა ტაილანდის მღვიმიდან კიდევ 2 მოზარდი გამოიყვანეს

twitter

ტაილანდში რამდენიმე საათია მღვიმეში დარჩენილი ბიჭების გამოყვანის ოპერაცია განახლდა. 

ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მღვიმიდან კიდევ 2 ბავშვი გამოიყვანეს. ახლა მღვიმის გარეთ სულ 6 მოზარდია, მაშველებს კიდევ 6 მათგანი, ასევე 25 წლის მწვრთნელი ჰყავთ გამოსაყვანი. 

გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაშველებმა მღვიმიდან 6 ბავშვი გამოიყვანეს, თუმცა ტაილანდის ფლოტმა მხოლოდ 4 მათგანის გადარჩენა დაადასტურა. 

დღესვე Tesla-ს და Space X-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა წყალქვეშა ნავი დატესტა, რომლითაც ბავშვების გამოყვანა უნდა მოხდეს, თუმცა, ჯერჯერობით არ ვრცელდება ცნობები ამ ნავის გამოყენების შესახებ. 

სამაშველო ოპერაციაში ტაილანდის საზღვაო ფლოტის 5 და 13 უცხოელი მყვინთავი მონაწილეობს.

12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელი, რომლებიც ტაილანდის და მიანმარის საზღვართან მღვიმეების კომპლექსში ორი კვირის წინ დაიკარგნენ, მაშველებმა 10 დღიანი ძებნის შემდეგ, 7 დღის წინ იპოვეს. 

სამძებრო სამუშაოებს მღვიმეებში აწეული წყლის დონე ართულებდა. დაკარგულები ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა მათ გამოყვანა ამ დრომდე შეუძლებელი იყო.

მღვიმეების კომპლექსის შესასვლელიდან იმ გამოქვაბულამდე მიღწევისათვის, სადაც ბიჭები იმყოფებიან, გამოცდილ მყვინთავებს 3 საათი სჭირდებათ. გადაადგილებას წყალქვეშ დაბალი ხილვადობაც ართულებს.

ვინაიდან კვირის ბოლოსთვის წყლის დონის მომატება და შტორმია ნავარაუდევი, ასევე გამოქვაბულში ჟანგბადის დონე მკვეთრად შემცირდა, სამაშველო ოპერაცია დაჩქარდა. თუმცა, სანამ მის დასრულებამდე ვითარება კვლავ ძალიან სახიფათოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მაშველებისთვისაც

სამაშველო ოპერაცია სრულ სიბნელეში სიარულს, ცოცვას, ცურვას და ყვინთვას გულისხმობს. 

მაშველებს და ბიჭებს სახეზე სპეციალური ნიღბები უკეთიათ, ასევე თან აქვთ ჟანგბადის ბოთლები. თითოეულ ბიჭს ორი მაშველი აცილებს. 

ტამ ლუან ნანგ ნონის გამოქვაბულები ტურისტული სანახაობაა. მღვიმეების კომპლექსი მიწის ქვეშ რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. მათ ნაწილი მთლიანად წყლითაადაფარული, ხოლო ნაწილი წვიმიან სეზონზე, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში იტბორება.

კომენტარები