Brexit

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა

Getty Images

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პოსტი დატოვა. 

ის უკვე მესამეა, ვინც ბოლო 24 საათში ტერეზა მეის კაბინეტი დატოვა - გუშინ თანამდებობიდან გადადგა დევიდ დევისი რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხს კურირებდა, ასევე გადადგა მისი მოადგილე, სტივ ბეიკერი. 

მინისტრების თანამდებობებიდან წასვლა ბრექსიტს და მასთან მიმართებაში გამწვავებულ კრიზისს უკავშირდება - მინისტრთა კაბინეტში აზრთა სხვადასხვაობა სწორედ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ პრემიერის სტრატეგიამ გამოიწვია. 

ჯონსონმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 30 წუთით ადრე დატოვა, ვიდრე ტერეზა მეი პარლამენტს ბრექსიტის შესახებ ახალ გეგმას წარუდგენდა - მეის ხედვა კონსერვატიული პარტიის დეპუტატების უკმაყოფილებას იწვევს. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის აზრით, ევროკავშირთან აქამდე არსებული ურთიერთობები, მათ შორის ეკონომიკური, არსებული ფორმით უნდა შენარჩუნდეს, ბორის ჯონსონი კი რადიკალური ზომების მომხრე იყო. 

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ბორის ჯონსონს ამ თანამდებობაზე. The Guardian-ი წერს, რომ სავარაუდო კანდიდატი უახლოეს პერიოდში დასახელდება. 

გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. 

თუ ყველაფერი ამ დრომდე არსებული გეგმის მიხედვით განვითარდება, ორწლიანი მოლაპარაკებების პროცესი 2019 წლის მარტში დასრულდება და ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს. 

კომენტარები