აღკვეთის ღონისძიება

ზვიად კუპრავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა

სასამართლომ, ზვიად კუპრავას, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. 

კუპრავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ზაზა სარალიძე და ბაჩუკი ქარდავა თავდებში უდგებოდნენ. 

მისი თქმით, 5000 ლარის საშუალება არ აქვს და მის ქონებას ბანკების ყადაღა ადევს. 

"პროკურორებმა თქვეს, რომ დედაჩემს აქვს ბინა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა როდესაც აწყობთ დედა ოჯახის წევრია, როდესაც არ აწყობთ არ არის. ჩემს შემთხვევაში ჩაითვალა, რომ დედა არის ოჯახის წევრი. თუ არ ვცდები 30 დღეში უნდა შევიტანო ეს თანხა", - ამბობს კუპრავა. 

პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალი სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

11 ივნისს, ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-ს გენინსპექციამ პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დააფიქსირა. კერძოდ, ინციდენტში მონაწილე ოთხ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევარი დამოკიდებულებისთვის საყვედური გამოეცხადა, ხოლო იმავე გადაცდომისთვის, ამ პოლიციელების ხელმძღვანელ პირს, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა, შსს-მ დისციპლინარული სასჯელი, სასტიკი საყვედური გამოუცხადა.

კომენტარები