ბიოლოგია

ყველაზე ძველი ბიოლოგიური ფერი ღია ვარდისფერია

მსოფლიოში ყველაზე ძველი პიგმენტი
www.bbc.com

ავსტრალიელმა მეცნიერებმა საჰარას უდაბნოს ძველისძველ ქვებში 1.1 მილიარდი წლის პიგმენტები აღმოაჩინეს. მათი მტკიცებით, ქლოროფილის განამარხებული მოლეკულები ზღვის ორგანიზმს ეკუთვნის.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იოჰან ბროკსმა ეს აღმოჩენა 100 მილიონი წლის ტირანოზავრ რექსის ძვლის აღმოჩენას შეადარა: "თუ თქვენ ტირანოზავრ რექსის შენახულ, განამარხებულ კანს იპოვიდით, რომელსაც თავდაპირველი ფერი აქვს შენარჩუნებული ეს საოცარი იქნებოდა. დაახლოებით მსგავსი რამ აღმოვაჩინეთ, ოღონდ ათჯერ უფრო ძველი ვიდრე ტიპიური ტირანოზავრია"

მსოფლიოში ყველაზე ძველი ბიოლოგიური ფერები სადოქტოროს სტუდენტმა ნურ გუენელიმ აღმოაჩინა, რომელმაც უდაბნოში აღმოჩენილი ქვები დაფხვნა, მასში უძველესი ორგანიზმის მოლეკულები გამოყო და შეისწავლა.

ღია ვარდისფერი პიგმენტები ფოტოსინთეზის უნარის მქონე ორგანიზმებს ეკუთვნის, რომლებიც ოკეანეში ცხოვრობდნენ. აღმოჩენილი მოლეკულები არა დიდი ცხოველიდან, არამედ მიკროსკოპული ორგანიზმიდანაა. პიგმენტები ნახევარი მილიარდი წლით უფრო ძველია ვიდრე წინა აღმოჩენები.

ქვები ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტს ნავთობის კომპანიამ გაუგზავნა, რომელიც 10 წლის წინ საჰარას უდაბნოს ქვიშაში ნავთობს ეძებდა და რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში შესვლის შემდეგ ნავთობის თიხოვან ფიქალს გადააწყდა.

ვარდისფერი მოლეკულის შესწავლისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მას ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები წარმოქმნიდნენ. მაშინ ისინი კვებითი ჯაჭვის ფუძეს, პროდუცენტებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც ფოტოსინთეზის ან ქემოსინთეზის უნარი აქვთ და ორგანულ ნივთიერებებს წარმოქმნიან. თუმცა, დაახლოებით 4 მილიარდი წლის განმავლობაში ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მრავალუჯრედიანი, უფრო რთული სიცოცხლის წარმოშობისთვის.

უფრო დიდი ზომის, მრავალუჯრედიანი ორგანიზმები დედამიწაზე მხოლოდ 600 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ, როცა ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები (Cyanobacteria) გაცილებით უფრო დიდი ზომის წყალმცენარეებმა (Algae) ჩაანაცვლა, რომლებიც მრავალუჯრედიანი ორგანიზმებისთვის უკეთეს საკვებს წარმოადგენდნენ.

კვლევაში ასევე ჩართულები იყვნენ ამერიკელი და იაპონელი მეცნიერები.

კომენტარები