Summer Set

Cigarettes After Sex, WhoMadeWho და ა.შ. - 27 ივლისს Summer Set-ი ბრუნდება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, Summer Set-ი ბრუნდება და პირველ ღონისძიებას 27 ივლისს, თბილისის ზღვაზე გამართავს. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორებიც არიან Cigarettes After Sex, WhoMadeWho, Koreless, Gidge და Baikal.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ წლევანდელი ღონისძიება 2019 წლის ფესტივალის პრეზენტაციაა, რომელიც გუდაურში ყოველ წელს გაიმართება.

"ფესტივალის მთავარი დანიშნულება სხვადასხვა ტიპის ადამიანის შეხვედრაა და ამჯერად გვინდა, რომ ქლაბერები, მელომანები, სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულები გადაეკვეთონ ერთმანეთს, თავიანთი აზრები და შეხედულებები გაცვალონ. გამომდინარე იქედან, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალები ძალიან მომრავლდა, ჩვენ გადავედით ლაივ ბენდებზე, რათა უფრო გაფართოვდეს, გაიზარდოს ასაკობრივი ზღვარი. თუ ელექტრონული და რეივ კულტურა გულისხმობს ერთ სივრცეში მოქცეულ გარკვეულ ასაკობრივ სეგმენტს, ამ შემთხვევაში ეს ასაკობრივი სეგმენტი უფრო გაზრდილია და უფრო მეტად კონცენტრირებულია მწვანე ბალახზე, ღია სივრცეზე და ლაივ ბენდებზე", - ამბობს ფესტივალის პიარ მენეჯერი, ნიკა დვალიძე.

Summer Set-ის პარტნიორებს შორის არის მთის კურორტების განვითარების კომპანიაც, რომლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ფესტივალი გუდაურის პოპულარობას გაზრდის და ხელს შეუწყობს იმას, რომ კურორტი წელიწადის ყველა დროს საინტერესო იყოს.

"უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდება 2019 წელს გუდაურში, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ზამთრის სათხილამურო კურორტი გახდეს ოთხსეზონიანი და უფრო პოპულარული ვიზიტორებსა და ტურისტებში. ასეთი ფესტივალები ხელს შეუწყობს ჩვენი კურორტების განვითარებასა და პოპულარიზაციას. ყველას ვეპატიჟებით 2019 წლის ივლისში საქართველოში და კერძოდ, გუდაურში, სადაც ჩატარდება 4-დღიანი ფესტივალი. ხალხი დატკბება არამხოლოდ მთით, არამედ იმ ხარისხიანი მუსიკით, რომელსაც გვთავაზობენ ორგანიზატორები", - ამბობს ალექსანდრე ონოფრიშვილი.

2019 წლის Summer Set-ის ჰედლაინერების შესახებ ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ის საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, სპორტის 9 სახეობას და სოციალურ-კულტურულ თემებზე ვორქშოპებს გააერთიანებს.

მომავალ ზაფხულამდე კი მუსიკისა და ფესტივალების მოყვარულებს საშუალება აქვთ Summer Set-ს თბილისის ზღვაზეც ესტუმრონ. ფესტივალი 27 ივლისს გაიმართება და ორგანიზატორების ინფორმაციით, 19:00 საათიდან 28 ივლისის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

ბილეთების ნაწილი უკვე გაყიდულია, თუმცა შეძენა კვლავ შესაძლებელია. დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის ნახვა summerset.ge-ზე შეუძლიათ.

კომენტარები