ტრანსპორტი

ტაქსის მძღოლებს ლიცენზიისთვის ყოველწლიურად 50 ან 100 ლარის გადახდა მოუწევთ

0 კომენტარი

2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის ვალდებულება ექნებათ. ცნობილია ნებართვის საფასურიც - ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში 50 ლარი, ხოლო ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი. რაც შეეხება ელექტრონულ მანქანებს, მათთვის ნებართვა უაფსო იქნება.

ამ თემაზე შეხვედრა თბილისის მერიაში დღეს გაიმართა - მერის მოადგილეები ტაქსების კომპანიებისა და სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, პირველ ეტაპზე, მძღოლებისთვის რეგისტრაციის ნებართვის აღება და ავტომანქანაზე ტაქსის ყვითელი მანიშნებლის განთავსება იქნება სავალდებულო. ნებართვის ასაღებად კი, მათ განცხადება ელექტრონული ფორმით უნდა შეავსონ.

"ნებართვის საფასური, მას შემდეგ, რაც საკრებულო დაამტკიცებს, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 50 ლარი, ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ხოლო ელექტრონული ავტომობილებისთვის უფასო იქნება. ადამიანებს, რომელთაც სურთ ნებართვა აიღონ, შესაბამის ელექტრონულ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ, რომელიც  ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მათ ორთვიანი წინასწარი ვადა ექნებათ, რომ შესაბამისი ნებართვა აიღონ. მისი მიღების შემდეგ კი, ნებართვა, სადაც მათ შესახებ ინფორმაცია იქნება დატანილი, მუდმივად თან უნდა იქონიონ. ასევე, სავალდებულო იქნება მანქანის სახურავზე ტაქსის მანიშნებელი ყვითელი მანათობელი ნიშნის განთავსება. სხვა შემთხვევაში, მომსახურება უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება", - ამბობს მაია ბითაძე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპზე დაწესდება გარკვეული მოთხოვნებიც. თუმცა, არის თუ არა მათი ავტომობილები 2019 წლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, მძღოლებს რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე ეცნობებათ.

"მეორე ეტაპისთვის ჩვენ უკვე განსაზღვრული გვაქვს მინიმალური მოთხოვნები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ დაიხვეწება და დამატებით გასაჯაროვდება. მეორე ეტაპისთვის საუბარი იქნება მანქანის ერთიან ვიზუალზე, ფერზე, რაც 2019 წლიდან შევა ძალაში. ასევე, გარკვეული მოთხოვნები იქნება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე და ავტომანქანებზე მათი კარების რაოდენობის მიხედვით", - აღნიშნა მერის მოადგილემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დოკუმენტი დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად მომავალ კვირას გადაეგზავნება. ნებართვის მისაღებად შექმნილი ელექტრონული პორტალი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. მძღოლებს კი, მომსახურების მისაღებად თვენახევრიდან ორ თვემდე ვადა მიეცემათ.

ელექტრონული პორტალის გარდა, მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას გამგეობებში სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომლებიც გაუწევენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 4 მაისს 77 ხმით მხარი დაუჭირა თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მეშვეობითაც დედაქალაქში ტაქსის სერვისი სალიცენზიო საქმიანობა ხდება. რეგულაცია ქვეყნის სხვა ქალაქებს არ ეხება. შესაბამისად, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან, ნებართვის გარეშე ტაქსით გადაყვანა პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ის მძღოლები, რომლებიც ულიცენზიოდ "იტაქსავებენ" 200 ლარით დაჯარიმდებიან. ტაქსების კონტროლზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება.

სხვადასხვა გათვლებით, თბილისში ყოველდღიურად მინიმუმ 20,000 ტაქსი მოძრაობს. თუ თითოეულ მათგანს 50 ლარის გადახდა მოუწია, მერია ახალი ლიცენზიის მეშვეობით წელიწადში 1 მილიონ ლარს მიიღებს.

ერთ მოსახლეზე ანგარიშით თბილისში ყოველ 56 მაცხოვრებელზე ერთი ტაქსი მოდის. ტაქსების ასეთი სიმრავლის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემაა, რის გამოც ავტომფლობელთა ნაწილი ოჯახის რჩენის მიზნით მგზავრების გადაყვანას იწყებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იაგო კაჭკაჭიშვილი

კომენტარები