რუსული პროპაგანდა

"ნეიტრალიტეტი" და "ბლოკგარეშე ქვეყანა"  - კრემლის უკვე დაცდილი სატყუარები

დიმიტრი ავალიანი
0 კომენტარი

მრავალი წლის განმავლობაში ნეიტრალიტეტის თემის წამოწევით რუსულმა პროპაგანდამ თითქოს მიზანს ვერ მიაღწია - ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ვექტორი არ შეცვლილა და ჯერჯერობით ამის ნიშნებიც არ ჩანს. თუმცა, სულ მცირე, საქართველოში რუსეთმა პროპაგანდის თუ "რბილი ძალის" მეშვეობით ის მოახერხა, რომ დებატების და დავის საგნად აქცია ისეთი თემები, რომლებიც წინა წლებში სადაო და დისკუსიის საგანი არ ყოფილა.

2007 წლის 6 თებერვალს მოსკოვიდან საქართველოში რამდენიმეთვიანი არყოფნის შემდეგ დაბრუნებულმა რუსეთის მაშინდელმა ელჩმა ვიაჩესლკავ კოვალენკომ პირველი პრესკონფერენცია გამართა. რუსეთმა საქართველოდან ელჩი 2006 წლის შემოდგომაზე, თბილისში რუსული დაზვერვის ოფიცრების დაკავების გამო გამოიწვია. მანამდე კი იყო რუსული ემბარგო ქართულ პროდუქციაზე და მთელი რიგი ინციდენტები და პროვოკაციები კონფლიქტის ზონებში. ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის უკიდურესად დაიძაბა.

თავისი პირველი საჯარო გამოსვლა დაბრუნების შემდეგ კოვალენკომ თბილისის მიმართ მოსკოვის ძირითადი მოთხოვნის და პირობების არაორაზროვნად გასახმოვანებლად გამოიყენა. "რუსეთს სურს საქართველო იხილოს დამოუკიდებელ, სუვერენულ, ნეიტრალურ სახელმწიფოდ, რომელსაც კარგი ურთიერთობა ექნება ყველა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან",  - განაცხადა კოვალენკომ. სიტყვა "ნეიტრალური" მან ინტონაციით განსაკუთრებით გამოკვეთა - რომ ყველა მიმხვდარიყო, მოსკოვის მთავარი გზავნილი თბილისის მიმართ რა არის.

მაშინ საქართველო რუსეთის ულტიმატუმს არ დაემორჩილა და ნატო-სკენ სვლა გააგრძელა. შემდეგ იყო ბუქარესტის სამიტი, აგვისტოს ომი, ოკუპაცია და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა.

ამ მოვლენების შემდეგაც საქართველოს ნეიტრალიტეტი - რაც თავისთავად ნატო-ში გაწევრიანების სურვილზე უარის თქმას გულისხმობს, საქართველოში პრორუსული პროპაგანდის და პრორუსული მიმართულების პოლიტიკური ძალების ერთ-ერთ მთავარ ლოზუნგად იქცა. ორგანიზაციები, რომლებიც ხშირად უშუალოდ რუსეთის კმაყოფაზე იყვნენ, არწმუნებდნენ მოსახლეობას, რომ ამ შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნებოდა. ხოლო ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება საქართველოს ახალი საფრთხეების წინაშე დააყენებდა.

მაგალითად, ერეკლე მეორის საზოგადოების ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე სპუტნიკ-საქართველოს ვებგვერდზე 2016 წლის მარტში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავდა: "საქმე ისაა, რომ დასავლეთში არსებულ ულტრა-ლიბერალური ძალებს სურთ, რომ რუსეთის საზღვართან იყოს დაძაბულობა, რომ იქ რაღაც გაურკვეველი ტიპის სამხედრო ბაზები განთავსდეს, რომლებსაც, რაღა თქმა უნდა, ნატო გააკონტროლებს". გამოსავალი კი, მისი აზრით, სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა, რომელიც რუსეთსაც და დასავლეთსაც დააკმაყოფილებს.

სინამდვილეში, რასაკვირველია, არანაირი სამხედრო ბაზების განთავსებაზე საქართველოში ნატო-ს წევრი ქვეყნები არ ფიქრობენ და მით უმეტეს, არ სურთ რუსეთთან ისედაც გამწვავებული კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად ესკალაცია.

2016 წლის ზაფხულში, საპარლამენტო არჩევნების წინ ნინო ბურჯანაძემ საკუთარი პარტიის მთავარ წინასაარჩევნო ლოზუნგად საქართველოს "ბლოკგარეშე ქვეყნად" გამოცხადება აირჩია. ანუ, ბურჯანაძის აზრით, საქართველომ კონსტიტუციით უნდა აიღოს ვალდებულება არცერთ სამხედრო ბლოკში არ გაწევრიანდეს. ეს ფაქტობრივად იგივეა, რასაც თბილისისგან მოსკოვი მოითხოვდა და სხვადასხვა ძალები - ბურჯანაძის პარტიიდან "ქართულ მარშამდე", მუდმივად დღის წესრიგში აყენებენ.

ერთი შეხედვით, საქართველოს ნეიტრალიტეტი გამოიყურება როგორც ლოგიკური გამოსავალი იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. მიუხედავად პირობისა, რაც საქართველომ ბუქარესტის სამიტზე მიიღო იმის თაობაზე, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება, კონსენსუსი ამის თაობაზე ალიანსის რიგებში დღემდე ვერ ჩამოყალიბდა და ამის წინაპირობები არ ჩანს. მეორე მხრივ რუსეთი, რომელიც კვლავაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ბორდერიზაციის პროცესს, მუდმივად ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ნატო-სთან ნებისმიერ შემდგომ დაახლოებას მის წინააღმდეგ გადადგმულ მტრულ ნაბიჯად აღიქვამს. იქნებ ნეიტრალიტეტის ვალდებულების მიღება დაეხმარება საქართველოს მოსკოვთან ურთიერთობის მოწესრიგებაში? პასუხი ამაზე არსებობს - ვერ დაეხმარება. ამას, პირველ რიგში, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბოლო წლების გამოცდილება ადასტურებს.

უკრაინის მაგალითი

ნინო ბურჯანაძის ლოზუნგი "ბლოკგარეშე ქვეყნის" შესახებ სულაც არ ყოფილა მისი ორიგინალური გამოგონება. ეს "ბრენდი" რუსეთმა უკვე გამოიყენა. კერძოდ, უკრაინაში.

2010 წელს უკრაინის სათავეში ვიქტორ იანუკოვიჩი მოვიდა, რომელმაც არჩევნების წინ თავის მთავარ ამოცანად რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება გამოაცხადა.

მისი ინიციატივით, 2010 წლის ივლისში უმაღლესმა რადამ სპეციალური კანონი მიიღო, რომლითაც უკრაინა "ბლოკგარეშე ქვეყნად" გამოცხადდა. ამით ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მკვეთრი შემოტრიალება მოხდა, რადგან წინა, პრეზიდენტ იუშჩენკოს ხელისუფლება, ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის მხარდამჭერი იყო.

შეასრულა რა რუსეთის მთავარი მოთხოვნა, იანუკოვიჩი მოსკოვისგან საპასუხო ნაბიჯებს ელოდა. პირველ რიგში - ბუნებრივ აირზე "გაბერილი" ფასების შემცირებას. თუმცა, ვლადიმირ პუტინმა მას იმედი გაუცრუა. იანუკოვიჩმა რუსეთის სამხედრო ფლოტს ყირიმში ყოფნის ვადაც გაუხანგრძლივა, თუმცა სანაცვლოდ მხოლოდ ფასზე უმნიშვნელო, მოსალოდნელზე ბევრად მცირე, შეღავათი მიიღო.

საბოლოოდ რუსეთმა უკრაინას ტარიფების შესამცირებლად დამატებითი პირობები წაუყენა - ქვეყნის გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის გადაცემა და, რაც მთავარია, უკრაინის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება.

საბოლოოდ, იანუკოვიჩმა მოსკოვთან ურთიერთობა ვერც "ბლოკგარეშე სტატუსით", ვერც სხვა დათმობებით მოაგვარა. მისი ხელისუფლების დასასრული კი მაშინ დაიწყო, როდესაც რუსეთის ზეწოლის შიშით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი თქვა, რასაც საპროტესტო აქციები და რევოლუცია მოჰყვა.

მოლდოვას მაგალითი

მოლდოვა, საქართველოს მსგავსად, პრორუს სეპარატისტებთან კონფლიქტის შედეგად დაზარალდა. 1992 წლის ხანმოკლე შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, რომელშიც სეპარატისტების მხარეს რუსული შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ, ქვეყანას "დნესტრისპირეთის რესპუბლიკა" გამოეყო. ხანგრძლივი სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა.

სწორედ დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მოლდოვამ თავის კონსტიტუციაში 1994 წელს შეიტანა მუხლი ქვეყნის ნეიტრალიტეტის შესახებ.

თუმცა, ეს არ აღმოჩნდა რუსეთისთვის საკმარისი პირობა, რომ მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარებოდა და დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან საკუთარი ძალები გაეყვანა. მეტიც, მოსკოვი მოლდოვას ნეიტრალიტეტის დამატებით გარანტიებს სთხოვდა, სპეციალური დამატებითი კანონის მიღების გზით. ასევე ახორციელებდა მასზე ზეწოლას გაზის ფასების და სავაჭრო ემბარგოს მეშვეობით, რათა ევროკავშირთან ქვეყნის "ზედმეტი" დაახლოება არ დაეშვა.

2016 წელს მოლდოვას პრეზიდენტი ღიად პრორუსი იგორ დოდნი გახდა (თუმცა, ქვეყანაში იგი საგარეო პოლიტიკას არ განსაზღვრავს). თავის წინასაარჩევნო პროგრამაში მან ნეიტრალიტეტის თემას მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო და ამომრჩეველს შეჰპირდა, რომ "ნეიტრალიტეტის საერთაშორისო გარანტიებზე" მოლაპარაკებებს გამართავდა. თუმცა, ფაქტია, თითქმის 25 წლის განმავლობაში მოლდოვას "ნეიტრალურ" სტატუსს მისთვის სასურველი შედეგი არ მოუტანია.

რუსეთის შიშები

საქართველოში მოქმედი პრორუსული ორგანიზაციების თუ მედიასაშუალებების მხრიდან ხშირია იმაზე აპელირება, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს და, შესაბამისად, მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს არ დაუშვას. ეს ფაქტობრივად იმ პროპაგანდის გაგრძელებაა, რასაც რუსეთი ქვეყნის შიგნით ეწევა - რომ დასავლეთი მას "ალყაში აქცევს" განადგურების ან დასუსტების მიზნით.

თუმცა, რეალობა ისაა, რომ რუსეთის საზღვრები ნატო-ს ქვეყნებთან ყველაზე დაცული, უსაფრთხო და სტაბილური საზღვრებია. არანაირი "ნატო-ს ბაზები" აღმოსავლეთ ევროპაში არ არსებობდა, სანამ ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არ წამოიწყო, რამაც ალიანსის წევრები აიძულა ემოქმედათ და აღმოსავლეთის ფლანგი გაეძლიერებინათ. და რუსეთის ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, რომ არანაირი სამხედრო საფრთხე ნატო-ს ძველი თუ ახალი წევრების მხრიდან მას არ ემუქრება.

ობიექტურად, რუსეთის მეზობლების ნატო-ში გაწევრიანება ამ ქვეყნის ინტერესებს არათუ ეწინააღმდეგება, არამედ პირიქით - უშუალო სამეზობლოში დემოკრატიის და უსაფრთხოების სივრცის გაფართოება ნებისმიერი ქვეყნის ინტერესებშია.

მაგრამ, ნატო-ს გაფართოების პროცესი საფრთხეს უშუალოდ რუსეთის მმართველ რეჟიმს უქმნის. თუ მათი მეზობელი ქვეყნები იქნებიან დაცულნი მათ შიდა საქმეებში კრემლის ჩარევისაგან, თუ ისინი უფრო მეტად განვითარდებიან, რათა დემოკრატიის კუთხით ალიანსის წევრობის კრიტერიუმები დააკმაყოფილონ, ეს ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები თავად რუსეთს და მის საზოგადოებას "ცუდ მაგალითს" მისცემენ და ავტორიტარული მმართველობის შენარჩუნება რუსეთში უფრო რთული გახდება.

სწორედ ამისთვის იბრძვის პუტინის ხელისუფლება - რომ არ მისცეს მის მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, განვითარების და წინსვლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საშუალება. ნატო-ს წევრობის თუ "ნეიტრალიტეტის" საკითხი აქ მხოლოდ საბაბია. კრემლისთვის დათმობა ამ პირობებში ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, არამედ განვითარებაზე და იმ მომავალზე, რომლის შესახებაც კონსენსუსი ქართულ საზოგადოებაში მეტნაკლებად არსებობს. თანაც, პრაქტიკა ადასტურებს, რომ დათმობებით კრემლისგან ჯერ ვერავის ვერაფერი მიუღია.

პროპაგანდის ძალა

მრავალი წლის განმავლობაში ნეიტრალიტეტის თემის წამოწევით რუსულმა პროპაგანდამ თითქოს მიზანს ვერ მიაღწია - ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ვექტორი არ შეცვლილა და ჯერჯერობით ამის ნიშნებიც არ ჩანს. ეს ყოველივე კი იმის მიუხედავად, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყანაში რუსული პროპაგანდა და პრორუსული ორგანიზაციები არნახულად აყვავდნენ, პრორუსულმა პოლიტიკურმა ძალებმა კი - ბურჯანაძის პარტიამ და პატრიოტთა ალიანსმა, გარკვეულ პოლიტიკურ წარმატებებს მიაღწიეს. საქართველოში, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნებში, რუსეთმა პირდაპირ პოლიტიკურ შედეგს ვერ მიაღწია, თუმცა, ამის მიუხედავად, წლების განმავლობაში მცდელობას არ აკლებს.

სულ მცირე, საქართველოში რუსეთმა პროპაგანდის თუ "რბილი ძალის" მეშვეობით ის მოახერხა, რომ დებატების და დავის საგნად აქცია ისეთი თემები, რომლებიც წინა წლებში სადაო და დისკუსიის საგანი არ ყოფილა. მაგალითად, საქათველოს ნატო-ში გაწევრიანება, უნდა იყოს თუ არა საქართველო პრორუსული ევრაზიული კავშირის წევრი, რომელი მხარეა პასუხისმგებელი 2008 წლის ომზე და ა. შ. საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ნაწილის ამგვარი დაბნეულობა და დეზორიენტაცია კი სწორედ აგრესორის წინაშე ქვეყნის დასუსტებას ნიშნავს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები