ბრიუსელში NATO-ს სამიტი იწყება

დღეს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში NATO-ს რიგით 29-ე სამიტი გაიხსნება.

სამიტში მონაწილეობას ალიანსის 29 წევრი ქვეყნის ლიდერი მიიღებს. ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას NATO-ს შეკავების პოლიტიკაზე, ასევე ტერორიზმთან ბრძოლასა და თავდაცვითი ხარჯების ტვირთის გადანაწილებაზე. 

აღსანიშნავია, რომ სამიტის ფარგლებში შედგება მოლაპარაკებები ახალი ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მომავალში მაკედონია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ე წევრი ქვეყანა გახდება. 

რაც შეეხება ალიანსის სამიტის მეორე დღეს, 12 ივლისს NATO-ს ლიდერები საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდებიან. პირველად, საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურების მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო - საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.

კომენტარები