ზვიად დევდარიანის საქმე

ზვიად დევდარიანი სიდა-სთვის ოფისს ცოლისგან ქირაობდა, ორგანიზაცია კვლავ ამ შენობაში რჩება

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

​​​​​​​სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც 10-მდე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ორგანიზაციაში მუშაობის დროს ოფისისთვის ფართს თავისი ცოლისგან, თეონა შალამბერიძისგან ქირაობდა. სიდა დღემდე ამ ოფისშია.

ინფორმაციას ტაბულასთან ადასტურებს თავად ზვიად დევდარიანიც, თუმცა არ ამბობს როდის გააფორმა სიდა-მ კონტრაქტი მის ცოლთან და კონკრეტულად რა თანხა იხარჯებოდა დონორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციიდან. მისი თქმით, ზუსტად არ ახსოვს რა პერიოდის განმავლობაში უხდიდა ორგანიზაცია თანხას მის ცოლს, თუმცა ახსოვს, რომ ეს იყო რამდენიმე წელი.

სიდა-ს 2016 წლის ფინანსურ-ორგანიზაციული აუდიტის დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ ოფისის ქირაობაში ორგანიზაციამ 2016 წელს 38 000 ლარი დახარჯა, 2015 წელს კი 15 ათასი. ამასთან, ორგანიზაციას ორივე წელს საგრანტო შემოწირულობა გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე არასაგრანტო. მაგალითად, 2016 წელს სიდა-მ დონორების გარეშე 19000 ლარის მოზიდვა შეძლო, რაც დევდარიანის ცოლისთვის გადახდილ თანხაზე ნაკლებია. შესაბამისად, მისი ოჯახი ფინანსურ სარგებელს სიდა-ს დონორებისგან იღებდა.

ტაბულა დაუკავშირდა ზვიად დევდარიანს, რომელიც არ ამბობს, როდის გააფორმა სიდა-მ კონტრაქტი მის ცოლთან, არც ოფისის ქირის რაოდენობას ასახელებს. დევდარიანმა ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელთან გადაგვამისამართა. ტაბულამ მას ჰკითხა, რომ კონტრაქტი გაფორმდა მისი ხელმძღვანელობის დროს და შესაბამისად, ინფორმაციას თავადაც უნდა ფლობდეს. ამის შემდეგ ზვიად დევდარიანი ჟურნალისტის ხელფასის ოდენობით დაინტერესდა და დასძინა, რომ "ნებისმიერი სხვა ადამიანის შემოსავალი არის მისი პირადი ინფორმაცია".

ტაბულამ ზვიად დევდარიანს კვლავ ჰკითხა, რომ აინტერესებდა არა მისი ცოლის შემოსავალი, არამედ დონორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ხარჯები. ამის საპასუხოდ, სიდა-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია დამფინანსებლებს აქვთ.

"ნებისმიერი შესყიდვა, რომელსაც აკეთებს დ აკეთებდა ეს ორგანიზაცია, ყველაფერი ხდებოდა შესაბამისი სტანდარტებით, შესყიდვის ოფიციალური პროცედურებით. რა ინფორმაციაც შესაბამისად, დონორებთან მიდიოდა შესაბამისი დოკუმენტაციით", - ამბობს დევდარიანი.

ტაბულა დაუკავშირდა სიდა-ს ამჟამინდელ ხელმძღვანელსაც. სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ორგანიზაცია ოფისისთვის ფართს ამ დრომდე თეონა შალამბერიძისგან ქირაობს. თუმცა, მისი თქმით, ეძებენ ახალ ოფისს. ტაბულას კითხვას, არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ ამჟამინდელი ფართის მეპატრონე ზვიად დევდარიანის ცოლია, ზურაბიშვილი არ პასუხობს.

"ოფისი არის თეონა შალამბერიძის სახელზე, თუმცა ვეძებთ ახალ ოფისს. ორგანიზაციას გვინდა ახალ ფართში გადასვლა. ორი თვეა ვეძებთ ფართს, თუ დაგვეხმარებით, მადლობას მოგახსენეთ", - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ტაბულას.

კითხვას, რატომ არ შეწყვიტა ორგანიზაციამ კონტრაქტი ზვიად დევდარიანის ცოლთან ამ დრომდე, სიდა-ს ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ის ამ პოზიციაზე აპრილში დაამტკიცეს, როცა კონტრაქტი უკვე იანვარში იყო გაგრძელებული და მაშინვე ვერ შეწყვიტეს, რადგან ოფისისთვის სხვა ფართი არ აქვთ.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სიდა-ს მიერ ყოფილი ხელმძღვანელის ოფისის ქირაობა ინტერესთა კონფლიქტი არ არის.

"ინტერესთა კონფლიქტს არ ვიცი თქვენ როგორ განმარტავთ, იურიდიულად სხვა განმარტება აქვს და მორალურად სხვა საკითხია. იურიდიულად, ინტერესთა კონფლიქტი ამ შემთხვევაში არ არსებობს, რადგან ეს ადამიანი ორგანიზაციაში არ მუშაობს და იურიდიულად რომ შეხედოთ, არანაირი დარღვევა არ არის. თუმცა ვეძებთ ახალ ოფისს", - უთხრა ტაბულას ზურაბიშვილმა.

ტაბულამ სცადა დაკავშირება ფართის მეპატრონესთანაც, თუმცა თეონა შალამბერიძეს კომენტარის გაკეთება არ სურს. აღსანიშნავია ისიც, რომ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტების მიხედვით, რუსთავში, ფიროსმანის ქუჩა 9/1-ში მდებარე ბინა 2013 წლიდან იპოთეკითაა დატვირთული, თუმცა გაურკვეველია ფართი იპოთეკითაა შეძენილი თუ შემდეგ დაიტვირთა.

შეგახსენებთ, რომ CiDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზვიად დევდარიანმა 12 პირს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლა. მათ შორის იყო ტაბულაც, თუმცა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დევდარიანს სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა, განახლებულ სარჩელში ტაბულა აღარ არის. მოპასუხეებად კვლავ რჩებიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მათ საჯაროდ იდენტიფიცირება არ სურთ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, ის ვერცხლის მედლის მფლობელია

კომენტარები