ლომჯარია: დევდარიანის საქმეს მიუკერძოებლად ვსწავლობთ, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ზვიად დევდარიანის საქმის შესწავლა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობს და არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

ასე ნინო ლომჯარია დევდარიანის ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სექსუალური შევიწროების საქმის შესწავლის პროცესში ომბუდსმენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს.

"სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და საქმეთა შესწავლის პროცესი დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარიმართება. ამასთან, სახალხო დამცველი ხელმძღვანელობს კანონის უზენაესობის პრინციპითა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან რაიმე ტიპის ზეგავლენას", - აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი ამბობს, რომ კონკრეტული განცხადებების შესწავლის პროცესში ორივე მხარის თანაბარ ჩართულობას უზრუნველყოფს. ომბუდსმენის თქმით, საქმის წარმოება მხოლოდ მხარეების მიერ საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტისა და მტკიცებულების წარმოდგენის შემდეგ სრულდება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი ხუთი ქალის განცხადებას სწავლობს. მათგან ერთი დაზუსტების პროცესშია, ხოლო 4 უკვე გაზიარებულია მოპასუხე მხარესთან.

"აღნიშნული განცხადებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები პირადად გაესაუბრნენ მხარეებს, გამოკითხეს საქმესთან დაკავშირებული მესამე პირები და წერილობით გამოითხოვეს ინფორმაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოდგენილი წერილობითი კომუნიკაციის გაცვლა მხარეთა შორის და, ორივე მხარის მიერ საკუთარი პოზიციის საბოლოოდ დაფიქსირების და შესაბამისი სამართლებრივი კვლევის ჩატარების შემდეგ, სახალხო დამცველი მიიღებს გადაწყვეტილებას სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ", - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კიდევ სამ საჩივარს სწავლობს, რომელიც სხვადასხვა პირის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას ეხება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი კიდევ სამ საჩივარს განიხილავს სხვადასხვა მოპასუხეების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით.

ზვიად დევდარიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ გუშინ, 10 ივლისს განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ CiDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

კომენტარები