მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: პერსონალური ავტომობილით მოსარგებლეთა რაოდენობა და უწყებების ავტოპარკი შემცირდება

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი 1000 ავტომობილით შემცირდება. გარდა ამისა, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება.

"მე წინა ბრიფინგის დროს განვაცხადე, რომ გარკვეულ სტრუქტურებში ის ხარჯი, რომელიც ჩვენ გვაქვს, სახელმწიფო ავტოპარკის შენახვასთან დაკავშირებით, არის მიუღებელი და ამ კუთხით არის პრინციპული ნაბიჯები გადასადგამი. მთავრობის სტრუქტურის ცვლილებების ფარგლებში, წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი შემცირდება დაახლოებით ათასი ავტომობილით. აღნიშნული მანქანები გადაეცემა რეალიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს და მათ მაგივრად მოხდება სპეციალური ავტომომანქანების შეძენა პატრულისთვის, გარემოსდაცვითი ოპერაციებითვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის, რათა ჩვენმა ორგანოებმა შეძლონ უკეთესად ფუნქციონირება. ასევე მიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება. დაახლოებით 500 ე.წ. მიკუთნებული მანქანა გადაინაცვლებს სამორიგეო პარკში", - თქვა პრემიერმინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა ინიციატივებიც იქნება, რომლებიც ერთიანი პარკის და მისი მენეჯმენტის შექმნის იდეას გულისხმობს და ხარჯების დაზოგვის მეტ საშუალებას იძლევა.

კომენტარები