მთავარი პროკურორობის კანდიდატი

პრეზიდენტის მრჩეველი: წულუკიანმა პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე მთავარი პროკურორის პოსტზე კანდიდატის შერჩევის პროცესს აფასებს. კოჟორიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა ვერ უზრუნველყო, რომ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევას პროკურატურის მიმართ ნდობა მოეტანა. პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, თეა წულუკიანს კანონის პირდაპირი მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი კონსულტაციები არ გაუმართავს. 

„მინდა გითხრათ, რომ იმ მოვლენების შემდეგ, რამაც გამოიწვია მთავარი პროკურორის გადადგომა ვადაზე ადრე, სახელმწიფოს წინაშე იდგა ამოცანა, რომ ახალი მთავარი პროკურორი შერჩეულიყო ისეთი პროცესით, რომელიც პროკურატურას მოუტანდა ნდობას, თუმცა სამწუხაროდ, როგორც თავიდანვე იყო ვარაუდი, იუსტიციის მინისტრმა ამ ამოცანის შესრულებას ვერ გაართვა თავი. უფრო მეტიც, პირდაპირ გეტყვით როგორც იურისტი, რომ მან პირდაპირ დაარღვია პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და სხვებთან აწარმოოს კონსულტაციები. ასეთი კონსულტაციები არ შემდგარა, და ამის შემდეგ მან დაასახელა სამი კანდიდატი და ბოლოს ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ სამწუხაროდ საპროკურორო საბჭომ არ წარმართა პროცესი გამჭვირვალედ, სადაც საზოგადოებას ექნებოდა შესაძლებლობა, რომ ერთის მხრივ მოესმინა ის კითხვები, რაც არსებობდა კანდიდატებთან მიმართებაში და მოესმინა  ასევე პასუხები. მთლიანობაში ეს იყო ცუდი პროცესი, რომელიც ნდობის გაზრდას პროკურატურის მიმართ ვერ შეუწყობს ხელს, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ. 

მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ დღეს შალვა თადუმაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. იუსტიციის სამინისტროს საბჭოს სულ სამი კანდიდატი წარუდგინა მათ შორის, შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი.

შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს, რის შემდეგაც მთავარი პროკურორი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს იკავებს. 

მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძე გადადგა. შოთაძის გადადგომა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სრალიძის აქციებს მოყვა. სარალიძე მაღალჩინოსნებს მისი შვილის მკვლელების მფარველობაშია დანაშაულებდა და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მესტიაში, რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, უკრაინელი ტურისტის ცხედარი ამოიტანეს [video]

კომენტარები