საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟორიანი 2500 ლარზე მაღალი ხელფასის 30%-ით დაბეგვრის ინიციატივით გამოდის. როგორც ჟორჟოლიანმა ტაბულასთან საუბარში განმარტა, 30%-ით მხოლოდ 2500 ლარს ზემოთ თანხა დაიბეგრება, 2500 კი ძველებურად 20 %-ით.
"ეს იმისთვის არის, რომ ფული მივმართოთ მეურნეობის განვითარებისთვის, განათლების განვითარებისთვის და ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. ამ გზით ბიუჯეტი დამატებით 500 მილიონამდე ლარის მობილიზებას შეძლებს. 2500-ის უნდა დაიბეგროს 20%, თუმცა რაც იქნება ზემოთ თანხა - 30 %-ით. არ არის აუცილებელი 2500 ლარს ზემოთ იყოს, ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანეთ, შესაძლოა იყოს სხვა თანხა, მაგალითად 3400." - ამბობს ჟორჟოლიანი.
ამ თემასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ. პრემიერი ამბობს, რომ მთავრობის ინიციატივების დიდი ნაწილი გადასახების შემცირებას გულისხმობს.
"ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა 3 კვირის წინ პარლამენტში. ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გულისხმობს გადასახადების შემცირებას, შესაბამისად ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა“,- თქვა მამუკა ბახტაძემ.