ავტოპარკი

კალაძე: ძველი ჰიბრიდული ავტომობილები გარემოს დიზელის ავტომობილებზე დიდ ზიანს აყენებენ

flickr.com

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, "ძველი ჰიბრიდული ავტომობილები გარემოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს." კალაძის შეფასებით, ეს ავტომობილები ბუნებას დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ძველ ავტომობილებზე უფრო მეტად აბინძურებენ. 

"შემოდის ძველი ჰიბრიდული ავტომობილები, რომელიც მე მგონია, რომ ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის იმიტომ, რომ ძირითადად ეს არის ავტომობილები, რომლის გაყიდვას ახდენენ ქვეყნები, არის მოძველებული და თვითონ ის ბატარეა, რაზეც მუშაობს ჰიბრიდული ავტომობილი, საქრათველოში არ არის მისი უტილიზაცია - თვითონ აკუმულატორების უტილიზაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება მისი გადაყრა და ეს კიდევ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის, ჯანმრთელობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ გაცილებით სერიოზული პრობლემა არის, ვიდრე დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილები,"- ამბობს კალაძე. 

2016 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ავტომობილების დაბეგვრის წესი შეიცვალა. ამ ცვლილების შედეგად ჰიბრიდული ავტომობილი იმპორტის დროს შიგა წვის ძრავიანთან შედარებით 60%-ით ნაკლებად იბეგრება, ელექტრომობილი კი აქციზის გადასახადისგან სრულად არის გათავისუფლებული. საგადასახადო ცვლილებებს ამ ტიპის ავტომობილების იმპორტის ზრდა მოჰყვა. 

2014 წლის შემდეგ საქართველოში იმპორტირებულ ავტომობილებში ჰიბრიდების წილი 34-ჯერ გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 24% ჰიბრიდული იყო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში აღინიშნა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როდესაც მთლიანი ავტოიმპორტის 42% სწორედ ელექტრომობილებზე მოდიოდა.

საქართველოში შემოყვანილ ჰიბრიდულ ავტომობილებში მოწინავე ადგილი მეორე და მესამე თაობის Toyota Prius-ებს უჭირავთ. ეს ავტომობილები უმეტესად მეორადი მოხმარებისაა და ისინი აშშ-დან არის ექსპორტირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, Prius-ი 2016 წელს საქართველოში ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების ათეულშიც მოხვდა.

წლების მიხედვით ჰიბრიდების წილი იმპორტში ასე იცვლებოდა:

  • 2017 - 24%
  • 2016 - 5.7%
  • 2015 - 1.4%
  • 2014 - 0.7%

 

კომენტარები