გიორგი გახარია

გახარია: სექტემბრიდან 1104 გამომძიებელს გადავამზადებთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, გამომძიებლების მისამართით კრიტიკა ესმის, თუმცა 15-20 წლის განმავლობაში გამოძიების გაზრდისთვის არაფერი გაკეთებულა.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში ისაუბრა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

"მე მესმის, რომ ჩვენ ობიექტურად შეგვიძლია ვიყოთ უფრო მეტად მომთხოვნები, შეგვიძლია უფრო მეტად ვაკრიტიკოთ გამოძიებაც და გამომძიებელიც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ 15–20 წლის განმავლობაში გამოძიების ხარისხის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება დიდი აღმოჩენების გაკეთება. ამ სამინისტროში მოსვლის პირველივე დღიდან ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გამოძიების კომპონენტის გაძლიერება იქნება ჩვენი რეფორმების ძირითადი მიმართულება და ეს არის ყველაზე საჭირო და ყველაზე აუცილებელი კომპონენტი ამ რეფორმების", - თქვა გახარიამ.

შს მინისტრობის კანდიტატის ინფორმაციითვე, უკვე ჩაუტარდა ტესტირება გამომძიებლების სრულ კორპუსს, 1104 ადამიანს, რათა მათი კვალიფიკაციის დონე შეემოწმებინათ და სექტემბრიდან გადამზადება დაიწყება.

"უკვე ჩატარებულია მათი დაკავებულობის ხარისხის შეფასება, მათი საქმეების რაოდენობის შეფასება და ასევე სირთულე ამ საქმეების. შესაბამისად, ყველა ამ მოგროვებულ ინფორმაციის საფუძველზე უკვე შექმნილია საბაზისო კურსები გამომძიებლების გადასამზადებლად. თითოეული ეს გამომძიებელი - ეს 1104 ადამიანი სექტემბრიდან გადამზადების კურსებს გაივლის, რათა თვალნათლივ შევძლოთ შევაფასოთ როგორც მათი კვალიფიკაცია, ასევე მათი პოტენციალი და რა დონეზე შეგვიძლია გავზარდოთ ამ ხალხის კვალიფიკაცია", - ამბობს მინისტრობის კანდიდატი.

გამომძიებლების კვალიფიკაციაზე საუბარი აქტიურად ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომების შემდეგ დაიწყო. ღია მოსმენების დროს გაირკვა, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები დროულად არ ამოიღეს, რადგან "გაურვეველი იყო, რა იყო კამერებზე გამოსახული". ასევე, არ აიღეს სისხლის ყველა ნიმუში, არ დაკითხეს თვითმხილველთა ნაწილი, ნაწილის დაკითხვა კი შეწყვიტეს და ორი კვირის შემდეგ განაგრძეს. დადასტურდა ისიც, რომ ხორავაზე კიდევ ერთი პირი დაიჭრა და ბრალდებული არ არსებობს. გარდა ამისა, გამომძიებლებს ე.წ. დამატებითი შემთხვევის ადგილი სამართალდამცავებს ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ და ოქმი არ შედგა. ასევე, ფარდული, სადაც მკვლელობა მოხდა, შსს-მ არ დალუქა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ის უწყებისგან "დამოუკიდებლად დაშალა". მიხეილ კალანდიას კი, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს.

კომენტარები