თბილისის მერია

კალაძე: დაბალი სტანდარტების მანქანების შემოსვლა უნდა შეიზღუდოს

fortuna.ge

თბილისის მერი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საწვავის ხარისხის ზრდა და ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები აუცილებელია.

"რაც შეიძლება მალეა განსახორციელებელი ეს ცვლილება, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის საწვავი შემოვიდეს. განსაკუთრებით, საუბარია დიზელის მიმართულებაზე. ასევე, უნდა შეიზღუდოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოსვლა ქვეყანაში, რაც ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს", - თქვა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

ის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ახალი ავტომობილების შემოყვანა უნდა წახალისდეს.

"ელექტრომობილებზე ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია, იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ასევე, ჰიბრიდებზე არის გარკვეული შეღავათები, თუმცა ჯერჯერობით, ძველი ჰიბრიდული ავტომობილები შემოდის, რომელიც მგონია, რომ გარემოსთვის ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს არის ავტომობილები, რომელთა გაყიდვას იმ ქვეყნებში ახდენენ, სადაც ისინი უკვე მოძველებულია", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული ავტოპარკის განახლება მოხდეს და საქართველოში რაც შეიძლება მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს.

11 ივლისს საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი აიკრძალება. ამ ინიციატივის დეტალებზე მამუკა ბახტაძეს არ უსაუბრია.

კომენტარები