ეკონომიკური ზრდა

ქობულია: ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი

ეკონომიკის სამინისტრო

"ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენი თვითმიზანი არის რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ. ჩვენ თუ მივაღწევთ ეკონომიკის ზრდას მარტო იმით, რომ ვთქვათ შემოვიყვან დიდ ინვესტორს, რომელიც ააშენებს ძალიან დიდ ქარხანას და ამით გაიზრდება ეკონომიკა - მაგრამ ამით კეთილდღეობა ძირითადი მოსახლეობის ხომ არ გაიზრდება?"- პარლამენტში თქვა გიორგი ქობულიამ.

ქობულიამ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ასევე თქვა რომ ის ქვეყანას 10%-იან ზრდას ვერ დაპირდება და რომ ამასთან დაკავშირებით რეალისტური მოლოდინები უნდა არსებობდეს. ქობულიამ შრომის უსაფრთხოებაზეც ისაუბრა, მისი თქმით - "არანაირი ეკონომიკური ზრდა ჩვენ არ გვჭირდება, თუ ხალხი დაშავდა. დასაქმებულთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის პრიორიტეტი ნომერი ერთი."

"ეკონომიკა 10%-ით რომ გაიზარდოს, სტრუქტურულად არის ძალიან რთული. 5-7-8% არის მაღალი ზრდა. ზრდის 10%-ს რომ მივაღწიოთ, ეს არის სასწაული. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და გვქონდეს რეალური მოლოდინები,"- ამბობს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ 6.1% შეადგინა. 

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 2.7%-ს იყო. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის დამუხრუჭდა. 2013 წელს ზრდამ დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები