პეტრე დევრიშაძის საქმე

იზორია ტენდერში ჯაშუშობაში ბრალდებულის გამარჯვებაზე: ეს არა დისკრიმინაციის პირობებში შეძლო

0 კომენტარი
ფოტო: radiotavisupleba.ge / radiotavisupleba.ge

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ რუსეთის ჯაშუშობისთვის ბრალდებული და გასამართლებული პეტრე დევრიშაძის კომპანიამ ტენდერში გამარჯვება დისკიმინაციის არ არსებობის და კანონის დაცვის გამო შეძლო.

"მხოლოდ კანონის დაცვა იყო მაქსიმალური პრიორიტეტი და სწორედ კანონის დაცვის პირობებში, გამჭვირვალობისა და არა დისკრიმინაციის პირობებში ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნულ პიროვნებას მიეღო მონაწილეობა ტენდერებში", - თქვა ლევან იზორიამ პარლამენტში, სადაც მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ დევრიშაძემ მონაწილეობა მიიღო ელექტრონულ, ანუ ღია სახის ტენდერში და მისი ვინაობის წინასწარ ცოდნა შეუძლებელი იყო.

"იმ კრიტერიუმებს, თუ ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ, ღია ტენდერებში განსაზღვრავს კანონი და არა მე, ან ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, საჯარო მოხელეს, მათ შორის, მინისტრსაც აქვს სწორედ, კანონით განსაზღვრული ე.წ. როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ვალდებულება. ამ შემთხვევაში, ელექტრონული ტენდერების მიმართ ეს არის ნეგატიური ვალდებულება, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ უნდა ჩაერიოს ელექტრონულ ტენდერში და არ უნდა იცოდეს წინასწარ, თუ ვინ იღებს მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კანონის უხეში დარღვევა და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს", - აღნიშნა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი განმარტავს, რომ პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობა არ მიუღია საიდუმლო ტენდერში, სადაც მინისტრს აქვს ვალდებულება იცოდეს ვინ მონაწილეობს.

"მე პირადად და ჩვენს გუნდს გვაქვს გარკვეული უხერხულობა, როდესაც ჯაშუშობაში ან სხვა ტიპის დანაშაულში მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა კანონის დაცვით მიიღოს მონაწილეობა ტენდერებში", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ამ საკითხზე საერთაშორისო პრაქტიკის მოძიების შესახებ სპეციალური დავალება გასცა და თავდაცვის სამინისტრო გარკვეული შეზღუდვების ინიცირებას აპირებს, მათ შორის, ელექტრონული ტენდერის ფარგლებში ცალკეული სუბიექტებისთვის და კომპანიებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაცია "ენვერის" დროს რუსულ ГРУ-სთან კავშირის გამო დაკავებული ბიზნესმენმენის, პეტრე დერვიშაძის კომპანია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით მსხვილ ტენდერებში იმარჯვებდა. მის პროდუქციას თავდაცვის სამინისტრო, სუს-ი, შსს და სხვა ძალოვანი უწყებები ყიდულობდნენ.

აღსანიშნავია, რომ დევრიშაძეს ბრალი აღიარებული აქვს და 2011 წელს სახელმწიფომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. მას ბრალდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც არ უარყვია.

დერვიშაძის მიერ დაფუძნებული კომპანია შპს MARGIO LTD-ს ჯამში 3,2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. ოფიციალურად კომპანია დერვიშაძის მეუღლის ინგა დერვიშაძის სახელზეა რეგისტრირებული, მისი დირექტორი კი თავად პეტრე დერვიშაძეა.

ტენდერების შესახებ სტუდია მონიტორის მიერ ჩატარებული გამოძიებით გახდა ცნობილი.

მოგვიანებით კი თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აუქმებს ტენდერს, რომელშიც ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები