თბილისის მერია

რა პირობებში ცხოვრობს კალაძის მიერ თავშესაფრიდან წამოყვანილი ძაღლი ტიფანი

თბილისის მერია

13 ივლისს Facebook-ზე კახა კალაძის მიერ თავშესაფრიდან წამოყვანილი მეტისის ლეკვის, ტიფანის ფოტოები გავრცელდა. მათზე ჩანს, რომ ძაღლი მერიის ეზოში, მომცრო გალიაში ცხოვრობს. 


ფოტო: facebook.com/ძია ნოდარ მანჩხაშვილი

ტაბულა დაუკავშირდა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსს, ვახტანგ ლომჯარიას.
მან დაგვიდასტურა, რომ ხსენებული ძაღლი ნამდვილად ტიფანია.

კითხვას, რამდენად მიზანშეწონილია ცხელ დღეებში ძაღლის ასეთ პირობებში ყოფნა, ლომჯარია პასუხობს, რომ ტიფანის, გარდა ფოტოზე ნაჩვენები გალიისა, კიდევ ერთი დიდი ზომის გალია აქვს და იქ ამინდის შესაბამისად გადაჰყავთ.

მისივე თქმით, ძაღლზე კინოლოგიც ზრუნავს, რომელიც მას წვრთნის, ძლიერი წვიმის დროს კი ტიფანი მერიის შენობაში შეჰყავთ.

ვატანგ ლომჯარია ირწმუნება, რომ მერიის თანამშრომლები ტიფანიზე ზრუნავენ და დღეში ორჯერ ასეირნებენ. "ტიფანის ბედში ყოფნა ნამდვილად უნდა ინატრონ სხვა მიუსაფარმა ცხოველებმა"- ამბობს ლომჯარია.

კახა კალაძემ ლეკვი 13 თებერვალს მუნიციპალიტეტის თავშესაფრიდან წამოიყვანა. ლეკვობის პერიოდში ტიფანი მთავრობის სხდომებსაც ესწრებოდა, მაგრად დღესდღეობით იგი მერიის ეზოში, გალიაშია.


ფოტო: facebook.com/ekaterina.jojua

ვახტანგ ლომჯარიას თქმით, თავშესაფარში ყოფნისას ლეკვი ჭირით იყო დაავადებული და რომ არა კახა კალაძე, დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. მონიტორინგის სამსახურის უფროსი ასევე ამბობს, რომ ჭირი გადამდები დაავადებაა და სხვა ძაღლების უსაფრთხოების მიზნით ლეკვს ევთანაზია ემუქრებოდა.

კომენტარები