ფინანსები

მაჭავარიანი ჭარბვალიანობაზე: ეს იყო მძიმე ნარკოტიკივით ტოქსიკური, ამიტომ ჩავერიეთ

საქართველოს პარლამენტი

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა მოსახლეობის მიერ აღებული ვალების სიჭარბე ე.წ. ჭარბვალიანობა მძიმე ნარკოტიკს შეადარა და თქვა რომ ეს ჯანსაღი ეკონომიკური პროცესის ნაცვლად, ტოქსიკური და მომაკვდინებელი პროცესი იყო, რაც რეგულაციების შემოღების მხრივ მთავრობის ჩარევას საჭიროებდა. ქართული ოცნების მთავრობამ მაშინდელი ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივით გაზაფხულზე მიიღო ვრცელი სარეგულაციო პაკეტი, რომლის შედეგადაც ქვეყანაში სესხებზე ახალიი ტიპის რეგულაციები დაწესდა. ცვლილებების შედეგად ათიათასობით ადამიანს სესხის აღება გაურთულდა.

"შემოსავლების დისბალანსია, სამართლიანი თამაშის წესები არ არის, მაგალითად ეს ჭარბვალიანობა ხომ ერთის მხრივ თითქოს კონფლიქტში მოდის ეს ჩვენ მემარჯვენე ხედვასთან, რომ ჩვენ თავისუფალი ბაზრის წესებს პატივს არ ვცემთ - მაგრამ არა, იმდენად ტოქსიკური სახე მიიღო რომ ჩვენ მივხდით რომ ეკონომიკურ მოვლენასთან კი აღარ გვქონდა საქმე, ეს იყო ჩვეულებრივი, აი მაგის ანალოგი არის მძიმე ნარკოტიკის ამბავი. მაგ ლოგიკით ყველას აქვს უფლება მოიწამლოს თავის თავი, მაგრამ კონსენსუსია საზოგადოებაში რომ აღარ მოვწამლოთ. წამლავდა ეს ამბავი. არ იყო ეს ეკონომიკური მოვლენა, ამიტომ ჩავთვალეთ რომ უნდა ჩავრეულიყავით,"- ამბობს მაჭავარიანი.

2018 წლის 7 მაისს ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც ქვეყანაში სესხების გაცემასთან დაკავშირებით დამატებით რეგულაციას აწესებს. კონკრეტულად კი ბანკებს სესხების შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემაზე ლიმიტები დაუდგინდათ. ბანკები, რომლებიც ამ ლიმიტს მიაღწევენ, დაკარგავენ უფლებას, გასცენ ნებისმიერი ტიპის სესხი მომხმარებლის შემოსავლების დეტალური შეფასების გარეშე.

ახალი რეგულაციის მიხედვით, შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. იმის გამო, რომ საქართველოში არაფორმალური სექტორის (თვითდასაქმების) წილი საკმაოდ მაღალია იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად აქვთ შემოსავალი, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნიათ სესხის აღება გაურთულდათ. 

ამავდროულად, რეგულაციები შეეხო სალომბარდე ბაზარსაც, სადაც უძრავი ქონებისა და ავტომობილების დაგირავება აიკრძალა. 

“ბანკების მიერ ხდება ფოკუსირება წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული მოსახლეობისთვის თავზე სესხების მოხვევაში. სწორედ ამ დროს იქმნება სიტუაცია, როდესაც საბანკო სისტემა არის არა ეკონომიკის განვითარების ძალა, არამედ მუხრუჭი,“- აპრილში ამბობდა ბახტაძე.

კომენტარები