სამთავრობო ცვლილებები

ბატიაშვილი: სექტემბრიდან I-VI კლასებისთვის ახალი სახელმძღვანელოები შემოვა

პარლამენტი

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის ახალი სახელმძღვანელოები შემოვა. ბატიაშვილი ამბობს, რომ გაუმჯობესებულია როგორც წიგნების შინაარსის ხარისხი, ასევე მოგვარებულია წიგნების წონის პრობლემაც. 

მინისტრობის კანდიდატმა ამის შესახებ პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე ისაუბრა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს უსმენენ. 

ბატიაშვილმა ასევე თქვა, რომ ჩამოყალიბდება სტრატეგია, რომელშიც განათლების ხუთივე საფეხურზე იქნება საუბარი კონკრეტული ქმედებებით, მიზნებით, ინდიკატორებით და დედლაინებით.

"რთულია გამოყოფა, რა არის განათლების მთავარი პრობლემა, მაგრამ დავასახელებ: მაგალითად, უმოკლეს ვადებში - სექტემბრიდან მე-6 კლასის ჩათვლით სკოლის განახლებული სახელმძღვანელოები შემოვა, სადაც ხარისხობრივად გაუმჯობესებულია მასალები. ორეტაპიანი კონტროლი გაიარა ამ სახელმძღვანელოებმა, ჩართულები იყვნენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. გადაჭრილია წონის პრობლემა. შემდეგ წელს გაგრძელდება მუშაობა დანარჩენი კლასებისთვის.

განათლების კუთხით უნდა ავირჩიოთ ევროპული სტანდარტი. წლების განმავლობაში იყო არჩეული შუალედური ხარისხის სტანდარტი, რომელმაც გარკვეული შედეგი მოიტანა, მაგრამ არა საკმარისი დასავლური სტანდარტის მაღალი ხარისხის განათლებისთვის. ამიტომ პირდაპირ უნდა შემოვიტანოთ ევროპული სტანდარტი", - თქვა ბატიაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ განახლებული სახელმძღვანელოები პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის 2017-2018 სასწავლო წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ გადაიდო. 

მისივე თქმით, არაეფექტურია უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ეტაპის სტუდენტების დაფინანსების სისტემა და ის აუცილებლად შეიცვლება. მინისტრობის კანდიდატმა დეტალებზე არ ისაუბრა. 

"მნიშვნელოვანი იქნება დაფინანსება, რომელიც დღეს არაეფექტურია და ეს უნდა ვაღიაროთ. მისი მექანიზმები შეიცვლება, არ იქნება მიბმული დღევანდელ სისტემას, იქნება სხვადასხვა კრიტერიუმებით. ამას დეტალურად სექტემბერში წარმოვადგენთ. მსოფლიო ბანკის ექსპერტებიც არიან ჩართულები. 

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია განათლების ინტერნაციონალიზაცია. თუ გვინდა, მივაღწიოთ მაღალი ხარისხის განათლებას, ქართული საგანმანათლებლო სივრცე უნდა იყოს ინტეგრირებული საერთაშორისო განათლების სივრცეში. ამაში იგულისხმება როგორც ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, ისე ჩვენი მეცნიერების განვითარება", - თქვა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა. 

კომენტარები