თავდაცვის სამინისტრო

ბახტაძე დევრიშაძის საქმეზე: ეს რომ არ განმეორდეს, კანონმდებლობა უნდა გასწორდეს

პარლამენტი

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის თქმით, იმისთვის, რომ მომავალში არ განმეორდეს პეტრე დევრიშაძის საქმის მსგავსი შემთხვევა, ხარვეზი საკანონმდებლო დონეზე უნდა გასწორდეს. 

საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვას - "სტუდია მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ პირი, რომელმაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით მსხვილ ტენდერებში იმარჯვებდა, ხოლო მის პროდუქციას თავდაცვის სამინისტრო, სუს-ი, შსს და სხვა ძალოვანი უწყებები ყიდულობდნენ.

"მე არ ვიცნობ თავდაცვის შესყიდვის დოკუმენტს ასე დეტალურად, როგორ ან რატომ უნდა ვიცნობდე, ამაც ვერ ვხვდები, მაგრამ ზოგადად შესყიდვების კანონს ვიცნობ. 

რაც შეეხება კონტრდაზვერვის საქმიანობას და პასუხისმგებლობას - როცა ძალოვანი უწყების მიერ საიდუმლო შესყიდვა ხდება, რა თქმა უნდა, ამაში კონტრდაზვერვა არის ჩართული. ეს მნიშვნელოვანი ფილტრია, რომ არ მოხდეს არასასურველი პირისგან ან ორგანიზაციისგან მოწოდება.

მაგრამ როდესაც არის ღია ტენდერზე საუბარი, აქ არის სულ სხვა პროცედურა. 

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ხარვეზი და ამ ხარვეზს სჭირდება დაკორექტირება საკანონმდებლო დონეზე. როდესაც არის ხარვეზი, ის უნდა გასწორდეს კანონის გზით და შესაბამისი დავალებები მიცემული აქვთ უწყებებს, რომ მოხდეს ამ საკანონმდებლო ჩარჩოს კორექტირება ისე, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში გამოირიცხოს", - თქვა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, მთავრობის წარდგენისას, პეტრე დევრიშაძის საქმის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. 

დერვიშაძის მიერ დაფუძნებული კომპანია შპს MARGIO LTD-ს ჯამში 3,2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. ოფიციალურად კომპანია დერვიშაძის მეუღლის ინგა დერვიშაძის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო მისი დირექტორი კი თავად პეტრე დერვიშაძეა

2010 წელს საქართველოში სპეცოპერაცია "ენვერი" ჩატარდა. მაშინ სამართალდამცავებმა რუსულ ГРУ-სთან კავშირის გამო 13 პირი დააკავეს. მათგან რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი მხოლოდ ერთმა - ბიზნესმენმა პეტრე დერვიშაძემ აღიარა. დევრიშაძეს 2011 წელს სახელმწიფომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. 

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ "დერვიშაძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ". 

კომენტარები