ზვიად დევდარიანის საქმე

ჩერგოლეიშვილი დევდარიანს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობისთვის უჩივლებს

0 კომენტარი
თამარ ჩერგოლეიშვილი ფოტო: ტაბულა

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ზვიად დევდარიანს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობისთვის უჩივლებს. ცნობისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის (ცილისწამების შესახებ უსაფუძვლო სარჩელი) მიხედვით, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარჩელისაგან გონივრულ ფარგლებში ფულადი ანაზღაურების მიღება".

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მან ზვიად დევდარიანის სარჩელი იურისტებთან ერთად შეისწავლა. 

"ამ უსაფუძვლო, უპერსპექტივო და აბსურდულ სარჩელს მხოლოდ ერთადერთი აშკარა მიზანი აქვს - შეზღუდოს ძალადობის მსხვერპლი ქალების და მათი დამცველების გამოხატვის თავისუფლება, გამყინავი ეფექტი იქონიოს ძალადობის მსხვერპლთა მოტივაციაზე, ხმა ამოიღონ ძალადობის და სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ.

სწორედ ამიტომ, იქით ვუჩივლებ მაგ ამაზრზენ მანიაკს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობისთვის, რომ სხვებმა ჭკუა ისწავლონ და აშკარად უსაფუძვლო დავებზე ძვირფასი დრო არ გვაკარგინონ და ამასთანავე - ყველა ადამიანმა (განურჩევლად სქესისა) იცოდეს, რომ მათზე ძალადობა არავის შერჩება, თუ ხმას ამოიღებენ" - ამბობს ტაბულას დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ზვიად დევდარიანმა 12 პირს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლა. მათ შორის იყო ტაბულაც, თუმცა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დევდარიანს სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა, განახლებულ სარჩელში ტაბულა აღარ არის. მოპასუხეებად კვლავ რჩებიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მათ საჯაროდ იდენტიფიცირება არ სურთ.

CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები