ავარია ტყიბულის შახტში

პრეზიდენტი: შახტში მომხდარ ფაქტებზე სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება არ ჰქონია

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი მეშახტეების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კანონის გამკაცრებზე საუბრობს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს ამ უმძიმეს წუთებში. უკვე რამდენიმე წელია აღვნიშნავთ, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია. აუცილებელია, კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა. ის, რომ 2018 წელს შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი და 10 დაშავებული, იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავს შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა. მისასალმებელია, ის ფაქტი, რომ შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი. დღეს ისევ რჩება მთავარი კითხვაა - შესაძლებელი იქნება თუ არა, მინდელის შახტაში უსაფრთხოდ მუშაობის გაგრძელება? ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება იყოს დაცული." - წერია მარგველაშვილის განცხადებაში. 

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციის გამო ჭერი ჩამოიშალა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. 

ტყიბულის შახტში ანალოგიური მიზეზით, კედლების დეფორმაციის და შემდეგ მათი ჩამოშლის გამო 6 ადამიანი აპრილშიც დაიღუპა. 

გამოძიება მაშინაც, ისევე როგორც დღეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო და შესაბამისი განკარგულებაც გამოსცა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

კომენტარები