აშშ-რუსეთი

ჰელსინკიში ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ხვდებიან

Al Jazeera

ჰელსინკიში დღეს ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ხვდებიან. აშშ-ის პრეზიდენტი ფინეთის დედაქალაქში უკვე ჩაფრინდა. 

მანამდე კი ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები ამაზე ცუდი არასდროს ყოფილა და ამაში აშშ-ის პოლიტიკოსები დაადანაშაულა. 

"ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან არასდროს ყოფილა უარესი ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსის სისულელის და სიბრიყვის წყალობით. მათ პასუხი მოეთხოვებათ", - დაწერა ტრამპმა. 

BBC-ის განცხადებით, ამ ტვიტით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და მასში რუსეთის მხრიდან სავარაუდო ჩარევაზე გამოძიება დაგმო. 

ზოგიერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა დონალდ ტრამპს პუტინთან დღევანდელი შეხვედრის გაუქმებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც პარასკევს გაირკვა, რომ ჰაკერული თავდასხმის ბრალდებით 12 რუსს ბრალი წარუდგინეს. 

ყველა მათგანს ბრალად 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მონაცემებზე კიბერ-თავდასხმა ედება. 

თუმცა, ამ ტვიტით ტრამპმა რუსეთთან ურთიერთობების  გაუარესებაში შეერთებული შტატების შიდა ძალები დაადანაშაულა. 

სამიტზე, რომელიც ჰელსინკიში იმართება, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა, მხოლოდ თარჯიმნების თანდასწრებით შეხვდება. 

ტრამპი-პუტინის შეხვედრა მას შემდეგ იმართება, რაც გასულ კვირას NATO0ს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელი მოკავშირეები სავაჭრო და სამხედრო ხარჯების კუთხით გააკრიტიკა. 

რაც შეეხება იმას, თუ რა განიხილება სამიტზე - აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ კონკრეტული დღის წესრიგი არ ექნებათ. თუმცა, მისივე თქმით, ძნელი დასაჯერებელია, რომ პუტინმა არაფერი იცის 2016 წლის არჩევნებში ჰაკერული ჩარევის შესახებ, შესაბამისად, პრეზიდენტები ამ საკითხს, დიდი ალბათობით, განიხილავენ. 

"შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის, ასე რომ, პრეზიდენტი თვალებში ჩახედავს პუტინს და ამის შესახებ ჰკითხავს", - უთხრა მან ABC News-ს

ასევე, დონალდ ტრამპმა შესაძლოა პუტინს რუსი ორმაგი ჯაშუშების, სკრიპალების მოწამვლის შესახებ ჰკითხოს. 

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

ასევე, შესაძლოა ისაუბრონ სირიასა და შუა აღმოსავლეთის სხვა საკითხებზე. 

კომენტარები