აშშ-რუსეთი

ტრამპი პუტინს: ვფიქრობ, მსოფლიოს სურს, ურთიერთობები დავალაგოთ

Kevin Lamarque/Reuters

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებიან. 

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მას მხოლოდ თარჯიმნები ესწრებიან. 

შეხვედრის დაწყებამდე კი დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა კამერების წინ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, თუმცა ეს მხოლოდ 3 წამის განმავლობაში გაგრძელდა.

ტრამპმა თქვა, რომ ის პუტინთან ვაჭრობის, იარაღის, რაკეტების და ჩინეთის საკითხის განხილვას აპირებს. მედიასთან აშშ-ის პრეზიდენტს არ უხსენებია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და მასში რუსეთის სავარაუდო ჩარევა, უკრაინა, სირია, NATO და სკრიპალების საქმე. თუმცა, სამიტამდე ითქვა, რომ პრეზიდენტები სწორედ ამ საკითხებს განიხილავდნენ.

ტრამპმა პუტინს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის წარმატებულად ჩატარება მიულოცა. 

"პირველ რიგში, ბატონო პრეზიდენტი, მე მსურს მოგილოცოთ მსოფლიო ჩემპიონატის დიდებულად ჩატარება. როგორც მეუბნებიან, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი იყო და ასევე, თქვენმა გუნდმა ამას თავი კარგად გაართვა. 

რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგი რამეა. მრავალი წელი ჩვენ ერთმანეთს ვერ ვეწყობოდით. ვფიქრობ, რომ მსოფლიოს სურს, დავლაგდეთ. ჩვენ ორი დიდი ბირთვული ძალა ვართ", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

შეხვედრაზე ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა დააგვიანა, რაც როგორც მედიამ, ასევე სპეციალისტებმა დიპლომატიურ თამაშად აღიქვეს. პუტინის თვითმფრინავი ფინეთის დედაქალაქში ერთი საათით გვიან ჩაფრინდა იმ დროიდან, რა დროსაც წესით შეხვედრა უნდა დაწყებულიყო. ტრამპი კი გვიან მივიდა პრეზიდენტის სასახლეში, სადაც შეხვედრა იმართება. 

სამიტის დაწყებამდე ტრამპმა ტვიტერზე დაწერა;

"ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან არასდროს ყოფილა უარესი ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსის სისულელის და სიბრიყვის წყალობით. მათ პასუხი მოეთხოვებათ". 

კიდევ ერთი ტვიტით კი აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა:

"ჩვენ ნამდვილად დიდებული სამიტი გვქონდა, რაც მედიამ ვრცლად გააშუქა. NATO ახლა ძლიერი და მდიდარია".

კომენტარები