ბლოგი

ბრძოლა რუსულ დეზინფორმაციასთან

აკა ზარქუა
0 კომენტარი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყალბი ახალი ამბები Twitter-ზე ექვსჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე რეალური, ნამდვილი ინფორმაცია. ამავე კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ყველაზე სწრაფად და ფართოდ პოლიტიკური ხასიათის ყალბი ახალი ამბები ვრცელდება. კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის 2018 წელს გახდა ცნობილი და 2006-დან 2017 წლამდე პერიოდს მოიცავს.

ყალბი ახალი ამბები მსოფლიოს თავისუფალი სახელმწიფოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მიზანმიმართული დეზინფორმაცია და უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში თუ არჩევნებში ჩარევა რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის დამახასიათებელია, მაინც, ყალბი ახალი ამბების თემამ განსაკუთრებული აქტუალობა სწორედ აშშ-ის ბოლო საპრეზინდენტო არჩევნების შემდეგ შეიძინა.

Facebook-ის ცნობით, 2015-დან 2017 წლამდე პერიოდში, რუსული ტროლების ქარხნის მიერ მომზადებული ინფორმაცია დაახლოებით 136 მილიონი ამერიკელის "ნიუსფიდში" მოხვდა. ეს "ნიუსები" პეტერბურგში მდებარე ინტერნეტის კვლევის სააგენტოში დამზადდა. გამოცემა BuzzFeed-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ არჩევნებამდე ბოლო სამი თვის განმავლობაში, არჩევნების თემაზე მომზადებულ ნამდვილ "ნიუსებზე" მრავალრიცხოვანი აუდიტორია ამავე თემაზე მომზადებულ ყალბ "ნიუსებს" ჰყავდა. 

აღმოჩნდა, რომ არჩევნების თემაზე მომზადებულ ყველაზე პოპულარულ 20 ნამდვილ ამბავს, დაახლოებით 1 მილიონით უფრო ნაკლები გაზიარება ჰქონდა, ვიდრე ამავე თემაზე მომზადებულ ყველაზე პოპულარულ 20 ყალბ "ნიუსს". მარტივად რომ ვთქვათ, რუსული ტროლების მიერ მომზადებული დეზინფორმაციის აუდიტორია მნიშვნელოვნად უფრო ფართო აღმოჩნდა, ვიდრე, New York Times, CNN, Washington Post, NBC News-ის და სხვა ამერიკული მედიაგიგანტების ინფორმაცია.

რთული სათქმელია, რა გავლენა იქონია ყალბმა ახალმა ამბებმა დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე გაზიარებადი ყალბი "ნიუსების" უმრავლესობა დონალდ ტრამპის კონკურენტების, განსაკუთრებით კი, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ იყო მიმართული. მიუხედავად ამ მონაცემებისა, ჩვენ არ გვაქვს რეალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა გავლენა იქონია ყალბმა ამბებმა ამომრჩევლის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე, მხარი დაეჭირა რომელიმე კანდიდატისთვის. ამ მიმართულებით, უცნობია თუ რამდენად ეფექტურია რუსული დეზინფორმაცია და რამდენად აღწევს ის მის წინაშე არსებულ მიზნებს.

ყალბი ახალი ამბების პრობლემა და მოსახლეობის მიზანმიმართული დეზინფორმაცია მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა ასევე, ხშირია თემის ინსტრუმენტალიზაცია და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც. მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაცია ტრადიციულად შედიოდა იმ არსენალში, რასაც რუსეთი პოლიტიკური მოწინააღმდეგების დასასუტებლად იყენებდა, ამ პრობლემასთან ბრძოლის კუთხით, დასავლური დემოკრატიების სისუსტე შესამჩნევია.

რუსეთის ჩარევა აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში ბოლო წლების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. იგივე პრობლემა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში. ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოააშკარავეს ტვიტერის 419 ყალბი "ექაუნთი", რომლებიც ძირითადად ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოყოფის სასარგებლო ბმულებს და ინფორმაციას აქვეყნებდნენ. უკლებლივ ყველა "ექაუნთი" სანქტ-პეტერბურგის ე.წ. ტროლების ქარხნიდან იმართებოდა. ამავე პრობლემაზე საუბრობდა ესპანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი მარიანო რახოი. მისი მტკიცებით, ტვიტერის იმ "ექაუნთების" ნახევარი, რომელიც კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას უჭერდა მხარს, რუსეთში იყო დარეგისტრირებული, ხოლო 30% - ვენესუელაში.

ამ მიმართულებით, საფრთხის ქვეშ პოსტსაბჭოთა ქვეყნები და განსაკუთრებით საქართველო და უკრაინა მოექცა. რუსული პროპაგანდის გავრცელების ტრადიციული გზების (რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიები, სხვადასხვა სახელმწიფო ფონდი, სატელიტი და დაფინანსებული მედიები) გარდა, დღეს უკვე რუსული დეზინფორმაცია სულ უფრო ფართოდ ვრცელდება სხვადასხვა სოციალურ ქსელში და საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებულად Facebook-ზე.

ტექნოლოგიურმა პროგრესმა, სოციალური ქსელების პოპულარობამ და ინტერნეტში სულ უფრო მეტი ადამიანის ჩართულობამ, რუსულ დეზინფორმაციას მისცა შესაძლებლობა, გასულიყო უპრეცედენტოდ ფართო აუდიტორიაზე, რასაც მეტნაკლები წარმატებით ახერხებს კიდეც. მსოფლიოს განვითარებული სახელმწიფოების უმრავლესობას ბოლო წლების განმავლობაში პოპულისტურმა პოლიტიკურმა ტალღამ გადაუარა და თავისთავად, რუსეთმა ეს ახალი პოლიტიკური ტრენდი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. დასავლური დემოკრატიების წინაშე მდგარი, მწვავე პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხები უფრო დიდი და ფართო მანიპულაციის საგნად იქცა, რამაც კიდევ უფრო გააფართოვა რუსული დეზინფორმაციის მოქმედების არეალი. მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა დეზინფორმაციის გავრცელების გზები და მეთოდი, არ შეცვლილა ყალბი ინფორმაციის შინაარსი და მიზანი.

საქართველოში რუსული დეზინფორმაციის მთავარი მიზანი კვლავ ანტი-ევროპული და ანტი-ამერიკული განწყობების გაღვივება და გავრცელებაა. რუსული დეზინფორმაცია ძირითადად მოგვითხრობს დასავლეთიდან მომავალ საფრთხეებზე, იმ მითოსურ "საშიშროებაზე", რომელიც თითქოს ქართულ კულტურას იმ შემთხვევაში შეექმნება თუ ევროპას ეზიარება. ასევე, ბოლო წლების შესამჩნევი ტენდენცია ასეთი არხებით გავრცელებული თურქოფობიური ინფორმაციაა. რუსული პროპაგანდა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა უმცირესობათა "გაშავების" და ამ ჯგუფების შესახებ ცრუ და მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გავრცელების მიმართულებით.

რუსული დეზინფორმაციისგან მომავალი საფრთხე აშკარაა. ტრადიციულად, რუსული პროპაგანდა საქართველოშიც და სხვა სახელმწიფოებშიც საზოგადოების პოლარიზებას, აგრესიული და ექსტრემისტული განწყობების გაღვივებასა და სახელმწიფოს განვითარების შეფერხებას ემსახურება. რუსეთისგან მომავალი დეზინფორმაციის ყველაზე დიდ და კონკრეტულ საფრთხეს უმთავრესად ქვეყანში პრორუსული განწყობების ზრდა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეფერხება წარმოადგენს.

ამ მოცემულობაში მხოლოდ გავრცელების გზები და მეთოდები შეიცვალა, თუმცა შინაარსობრივ და ტექნიკურ ასპექტში რუსული დეზინფორმაციის გავრცელების ისტორია ყველა ქვეყანაში თითქმის ერთნაირია.

საქმე ისაა, რომ ტროლების ქარხნის მიერ მომზადებულ ინფორმაციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში განსაკუთრებული ენთუზიაზმით ფსევდონაციონალისტური ან სულაც ნეონაცისტური ძალები ავრცელებენ და იმეორებენ. ეს ჯგუფები, როგორც წესი, რუსეთის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობენ და მისდამი რბილი დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ასე მოხდა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის (Brexit) შემთხვევაში, იგივე განმეორდა გერმანიასა და იტალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე. რუსეთისა და კერძოდ ვლადიმირ პუტინის განსაკუთრებული სიმპატიით სარგებლობდა ულტრა მემარჯვენე მარინ ლე პენი, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონთან დამარცხდა. საქართველოშიც რუსული პროპაგანდის მესიჯების ერთ-ერთი მთავარ და აქტიურ გამხმოვანებლებად სწორედ ასეთი ნეონაცისტური ჯგუფები და მათ ხელთ არსებული მედია მოგვევლინა.

კიდევ ერთ პრობლემას ამ მიმართულებით წარმოადგენს ის, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი საზომი, რომლითაც შევძლებდით გაგვეგო, რამდენად ეფექტურია რუსული დეზინფორმაცია დასავლურ დემოკრატიებში თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. დეზინფორმაციის ეფექტურობის მეტნაკლებად ობიექტური საზომი ამა თუ იმ სახელმწიფოში პრორუსული განწყობების ზრდისა და თუ კლების ტენდენცია და ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევები შეიძლება გახდეს.

რეალურად, ქართული მედიის უმრავლესობა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით საკმაოდ პასიურია. ამაზე მეტყველებს ყალბი ინფორმაციის გავრცელების დიაპაზონი და ბოლო წლებში, ქვეყანაში პრო-რუსული განწყობების გაძლიერება. იმ ორგანიზაციების უმრავლესობა, რომელიც დეზინოფორმაციის და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობს, ამ შედეგებიდან გამომდინარე არც ისე ეფექტურია. მათი არც თუ მცირე ნაწილი ძირითადად ორიენტირებულია ყალბი ინფორმაციის მხილებაზე და სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს - ამხილოს სიყალბე და მკითხველს მიაწოდოს უტყუარი და გადამოწმებული ინფორმაცია. თავისთავად, ყალბი ინფორმაციის მხილება და ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა ფაქტია, რომ საკმარისი არ არის. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ყალბი ინფორმაცია გაცილებით უფრო ფართოდ და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ამ ორგანიზაციების "ნიუსი" იმის შესახებ, რომ ესა თუ ის ახალი ამბავი ყალბია.

ამბავი იმის შესახებ, რომ რომელიმე ამბავი ყალბია, გაცილებით უფრო მცირე აუდიტორიამდე აღწევს, (გაზიარება/ნახვა) ვიდრე თავად გაყალბებული ინფორმაცია, თუმცა ეს ნაკლებად გასაკვირია - ევროპასა და ამერიკაში ჩატარებული კვლევების მიხედვით იქაც იგივე სურათია. ყალბი ახალი ამბები დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით განსაკუთრებულად გააქტიურდნენ სოციალური ქსელები, Facebook-მა გასულ წელს შემოიღო სპეციალური სერვისი, რომლის მიხედვითაც გაიგებთ, ეცნობოდით თუ არა პირადად თქვენ რუსული ტროლების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას.

მიუხედავად ყველა მცდელობისა, ამ მიმართულებით გარღვევა ჯერჯერობით არ ფიქსირდება. დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს დეზინფორმაციასთან ბრძოლის არანაირი ტექნიკური თუ სხვა საშუალება, რომელიც სრულად დაგვიცავდა მსგავსი საფრთხისგან. ერთადერთი და ყველაზე ეფექტური გზა, რომელმაც შეიძლება დეზინფორმაციის გავრცელებისგან გვიხსნას, არის საპირისპირო მიმართულებით უფრო მძლავრი მუშაობა.

ღირებულებებზე დაფუძნებული და ორიენტირებული მედია, რომელიც მოწოდებული იქნება, იმუშაოს უფრო მეტი, ვიდრე აქამდე, რათა მკითხველს და მაყურებელს მიაწოდოს გადამოწმებული, რეალური და უტყუარი ინფორმაცია და ამ მეთოდით შეუშალოს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას - არსებულთაგან, სწორედ ეს არის რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები