თამბაქოს კონტროლის კანონი

ვის გადაარჩენს თამბაქოს რეგულაციები?

შოთა ტყეშელაშვილი
0 კომენტარი

"შემდეგი 15 წლის განმავლობაში, გადავარჩენთ 53 ათასზე მეტ თანამოქალაქეს ნაადრევი და მტანჯველი სიკვდილისგან და ქვეყნის ეკონომიკისთვის 3.5 მილიარდი ლარი დაიზოგება", - პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

ქართული ოცნების დეპუტატის, აკაკი ზოიძის განცხადება იმ კანონის შესახებ, რომელიც სკვერებსა და სადარბაზოებში კრძალავს თამბაქოს მოხმარებას შთამბეეჭდავია, თუმცა მეორეს მხრივ ჩნდება კითხვა რამდენად სანდოა ეს განცხადება და უმაგრებს თუ არა მას რაიმე მეცნიერული მტკიცებულება ზურგს.

საინტერესოა, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის განმარტებითი ბარათი საერთოდ არ შეიცავს ჩანაწერს გადარჩენილი ადამიანების შესახებ. ამასთანავე, სრულიად განსხვავებულია ის ციფრი, რაც თამბაქოს მოხმარების მიერ გამოწვეული დაავადებების შემცირების ეფექტს აღწერს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მიღების პირველივე წელს სახელმწიფო 12.4 მილიონი ლარის საბიუჯეტო ეკონომიას მიიღებს. თანხის განაწილება კი ასეთი იქნება - 2.7 მილიონი ლარი უშუალოდ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის ხარჯი, ხოლო 9.7 მილიონი ლარი კი ე.წ. პასიური მწევლობის მიერ გამოწვეული დაავადებების მკურნალობის ხარჯი იქნება.

ხოლო დაშვება, რასაც ეს გათვლები ეფუძნება არის ის, რომ კანონის მიღებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში 75%-ით შემცირდება პასიურ მწეველთა რაოდენობა, ხოლო თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა ყოველ წელს დაახლოებით 2%-ით დაიკლებს. ამ დაშვების გასამყარებლად კი მოტანილია აშშ-ის არაგადამდებ დაავადებათა მედიცინის ასოციაციის ჟურნალის მიერ 2010 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომლის ავტორიც დოქტორი ელენ ჰანია.

ელენ ჰანის მიერ მომზადებულ კვლევაში საუბარია, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მქონე რამდენიმე ქვეყანასა (ირლანდია, იტალია, ფინეთი, ახალი ზელანდია და ინგლისი) და ქალაქში რეპრეზენტატიული შერჩევის საფუძველზე, სხვადასხვა დახურულ საჯარო სივრცეში, მათ შორის ბარებსა და რესტორნებში არსებულ ჰაერის ხარისხზე. გაზომვების მიხედვით, დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვამ ჰაერში კვამლისგან გაფრქვეული მიკროსკოპული დამაბინძურებლების მოცულობა 71-99%-ით შემცირდა.

აქ კი შეგვიძლია მკაფიო განსხვავება დავინახოთ - ელენ ჰანის კვლევაში საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებში (რესტორნებში, ბარებში) არსებული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რასაც ადგილი თამბაქოს მოხმარების აკრძალვის შემდეგ ჰქონდა. კვლევაში წარმოდგენილი რიცხვები 71-99% ასახავს თუ რამდენად შემცირდა ამ ობიექტებში ჰაერის თამბაქოს კვამლით დაბინძურების მაჩვენებელია და არა ის თუ რამდენად შემცირდა პასიური მწევლობა.

თამბაქოს კონტროლის კანონის ავტორები კი ამბობენ რომ აღნიშნული რეგულაცია მოსახლეობაში პასიურ მწევლობას 75%-ით შეამცირებს, რაც ელენ ჰანის კვლევიდან საერთოდ არ გამომდინარეობს.

საზოგადოებრივი თავშეყრის კონკრეტულ ობიექტებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა არ ნიშნავს რომ ეს ცვლილება თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებას 75%-ით შეამცირებს. ამის დასამტკიცებლად კანონის ავტორებს უნდა წარმოედგინათ დადასტურებული მონაცემები, რომ ადამიანები თამბაქოს კვამლის ზემოქმედების 75%-ს იღებენ სწორედ ამ ობიექტებში და არა მაგალითად საკუთარ სახლებში, მწეველ ოჯახის წევრთან თანაცხოვრებით.

კანონის ავტორებმა ამ მცდარ დაშვებაზე დაყრდნობით, გააკეთეს კალკულაცია რომ ობიექტებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა სახელმწიფოს ყოველწლიურად მილიონობით ლარს დაუზოგავს. უფრო კონკრეტულად კი ნათქვამია რომ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონი ლარი უჯდება. ამის გასამყარებლად მოყვანილია არასამთავრობო ორგანიზაცია Welfare Foundation-ის მიერ 2016 წელს მომზადებული კვლევა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შესახებ.

ორგანიზაციის ანგარიშში თამბაქო მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები, მისი მიხედვით, 2015 წელს სახელმწიფოს საყოევლთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 197 მილიონი ლარის გადახდა მოუწია მხოლოდ თამბაქოს მოხმარების შედეგად განვითარებული დაავადებების სამკურნალოდ. კვლევაში არ არის ნათქვამი თუ რომელ დაავადებათა ჯგუფზეა საუბარი, ანუ არ ვიცით  რა ჩათვალეს კვლევის ავტორებმა თამბაქოსთან დაკავშირებულ დაავადებებად.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, თამბაქოს მოხმარება და პასიური მწევლობა არის დაავადებათა შემდეგი ჯგუფების რისკ ფაქტორი - კარდიოვასკულარული დაავადებები, სასუნთქი სისტემის დაავადებები, მათ შორის ფილტვის სიმსივნეები, ასთმური დაავადებები, ასევე სხვადასხვა ორგანოთა ჯგუფის სიმსივნეები.

საქართველოში გასულ წელს დაახლოებით 50 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ადამიანთა გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დადგენა საკმაოდ რთულია. მაგალითად, მათ შემთხვევაში, ვინც სხვადასხვა ტიპის ტრამვებმა, ან ინფექცეიბმა იმსხვერპლეს, მარტივია გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების გამოკვეთა. მაგრამ მათ შემთხვევაში, ვინც მაგალითად კარდიოვასკულარულმა დაავადებებმა ან სასუნთქი სისტემის არაგადამდებმა დაავადებებმა იმსხვერპლა, სიკვდილის კონკრეტული მიზეზის მითითება რთულდება.

ასეთი დაავადებების შემთხვევაში საუბარი შეიძლება არა ერთ, არამედ რამდენიმე რისკ ფაქტორზე, რომელსაც შეიძლება ხელი შეეწყო დაავადების განვითარებისთვის, მაგრამ მისი ზუსტად გამოკვეთა ან რომელიმე რისკზე პირდაპირი მითითება რთულია. მაგალითად, კარდიოვასკულარული სისტემის დაავადებების რისკ ფაქტორებია - ქოლესტერინის მაღალი  შემცველობა, მაღალი წნევა, დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება, ჭარბწონიანობა, სტრესი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, აქტივობის დაბალი დონე, ასევე რისკს ფაქტორს წარმოადგენს ჰაერის დაბინძურებაც. ფილტვის სიმსინვეების რისკ ფაქტორები კი ჰაერის დაბინძურება, მძიმე მეტალებით მოწამვლა, თამბაქოს მოხმარება, ასბესტით დაბინძურება, გენეტიკური მიდრეკილება და სხვა ფაქტორებია.

ეს რისკ ფაქტორები მათი მნიშვნელობიდან და გავრცელებიდან გამომდინარე, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვების და შეფასების ინსტიტუტმა დააჯგუფა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დაავადებათა გლობალური ტვირთის  (GLOBAL BURDEN OF DISEASES) შეფასების მიხედვით, საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წამყვანი რისკ ფაქტორების სია ასე გამოიყურება:

  • საკვები რისკი
  • სისხლის მაღალი სისტოლური (გულის) წნევა
  • სხეულის მასის მაღალი ინდექსი
  • თამბაქოს მოხმარება
  • სისხლის პლაზმაში გლუკოზის მაღალი დონე
  • ჰაერის დაბინძურება

შესაბამისად, ორგანიზაცია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის თამბაქოზე მაღალ რისკად სხეულის მასის მაღალ ინდექსსა და მაღალ წნევას მიიჩნევს.

თუ თამბაქოს კონტროლის კანონის ავტორებმა კარდიოვასკულარული ჯგუფის, ასევე სასუნთქი სისტემისა და სიმსივნეთა ჯგუფის დაავადებები ერთმნიშვნელოვნად მიაწერეს თამბაქოს მოხმარებას, მაშინ, შეფასება, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტს ყოველწლიურად 200 მილიონი ლარი უჯდება თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებები გადაჭარბებულია. ამის მიზეზია ის რომ თამბაქო ამ დაავადებათა მხოლოდ ერთი რისკ ფაქტორია სხვა რისკ ფაქტორთა შორის.

საინტერესოა კანონის განმარტებითი ბარათის ჩანაწერიც, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის მიერ მოტანილი საბიუჯეტო ეკონომიის 78% მოდის არა უშუალოდ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ დაავადებებზე, არამედ პასიური მწევლობით მიერ გამოწვეულ დაავადებებზე.

თამბაქოს უშუალო მწევლებისგან განსხვავებით, დაავადებათა დადგომის შემთხვევაში ბევრად რთულია მითითება რომ ის პასიურმა მწევლობამ გამოიწვია. ამასთანავე, პასიური მწევლობის განმარტება საკმაოდ ფართოა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ვინ არის პასიური მწეველი? საქართველოში 15 წელზე ასაკოვანი მოსახლეობის 28% თამბაქოს მომხმარებელია. პასიურ მწევლად შეიძლება ჩაითვალოს ყველა, ვისი თანდასწრებითაც ოდესმე სიგარეტი ან ჩიბუხი მოუწევიათ. ამ ადამიანთა ავადობის შემთხვევაში ბუნდოვანია იყო თუ არა თამბაქოს კვამლი მათი ავადობის მიზეზი.

კიდევ ერთი გარემოება, რასაც გავლენა ექნება კანონის ავტორთა მიერ გაკეთებულ შეფასებებზე არის თავად ამ კანონის აღსრულების ხარისხი. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ ნორმებსა და მუხლებს არავითარი გავლენა არ ექნებათ რეალურ ცხოვრებაზე თუ ისინი არ აღასრულეს. თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი კი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

2018 წლის 1 მაისს ძალაში შესული კანონის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება აიკრძალა საქართველოს სკვერებსა და პარკებში, დაწესებულებებში, კაფეებსა და რესტორნებში, მრავალბინიანი შენობების ვესტიბიულებში, სხვენებში, სარდაფებში, დერეფნებში, კიბის უჯრედებში; ასევე ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებში, გარდა ტაქსებისა და კატერებისა.

აღნიშნული აკრძალვა განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლის გაჩენით, რომელმაც თითოეული ამ კანონდარღვევისთვის შესაბამისი სანქცია გაწერა. თუ შსს საკანონდებლო ცვლილებების შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაჩენილი ახალი მუხლების კანონდარღვევის შემთხვევებს არ აღასრულებს გამოვა, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის ეს ნაწილი ფიქტიური იქნება და მას რეალურად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების შემცირება არ მოჰყვება.

თუმცა, ახალი რეგულაციის აღსრულება მარტივი არაა, რასაც ქვეყანაში მწეველთა დიდი რაოდენობის არსებობაც ართულებს. ათიათასობითაა იმ ობიექტების რაოდენობა, სადაც მოწევა აიკრძალა, ხოლო ამ ნორმის პოტენციური დამრღვევების, ანუ მწეველების რაოდენობა მილიონს აჭარბებს.

ტაბულამ შსს-გან ახალი კანონმდებლობის შემოღებიდან პირველი ორი თვის სტატისტიკა გამოითხოვა. სამინისტროსგან მიღებული წერილის თანახმად, სამართალდამცველებმა ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების დარღვევის სულ 140 შემთხვევა გამოავლინეს, აქედან 101 მაისში, ხოლო 39 კი ივნისში გამოვლინდა. ეს შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი  - 11 შემთხვევა;
  • იმერეთი - 87 შემთხვევა;
  • მცხეთა-მთიანეთი - 2 შემთხვევა;
  • სამცხე-ჯავახეთი - 15 შემთხვევა;
  • შიდა ქართლი - 5 შემთხვევა;
  • ქვემო ქართლი - 12 შემთხვევა;
  • კახეთი - 1 შემთხვევა;
  • აჭარა - 2 შემთხვევა.

გამოვლენილი შემთხვევებიდან შეიძლება დავასკვნათ რომ ეს კანონი მხოლოდ 140-ჯერ დაარღვიეს ან რომ პოლიციამ მხოლოდ ეს 140 დარღვევა გამოავლინა. ყურადღებას იპყრობს გარემოება რომ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი დარღვებების ნახევარზე მეტი იმერეთზე მოდის, ეს მაჩვენებელი ანომალიურად დიდია და მიანიშნებს ქვეყნის მასშტაბით კანონმდებლობის აღსრულების არატანაბარ მაჩვენებელზე. არ არის სავარაუდო რომ 1.1-მილიონიან თბილისში ახალი კანონი დაარღვიეს რვაჯერ უფრო ნაკლები სიხშირით ვიდრე იმერეთში, რომლის მოსახლეობაც 535 ათასია. ასევე საკმაოდ დაბალია კახეთში, აჭარასა და მცხეთა მთიანეთში გამოვლენილი სამართალდარღვებების რაოდენობაც, რაც ამ კანონის აღსრულებაში არსებულ პრობლემებზე მიანიშნებს.

შესაბამისად, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების არათანმიმდევრულობისა და კანონის ეფექტების პროგნოზირების დროს გაკეთებული ბუნდოვანი და მცდარი დაშვებების გამო,  ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება აკაკი ზოიძის განცხადება კანონის შედეგების შესახებ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები