ავარია მინდელის შახტში

NGO-ები შახტში მომხდარ შემთხვევებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. ასევე მათი მოთხოვნებია, სახელმწიფომ უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს გამართული და ეფექტიანი შრომის საზედამხედველო სისტემის ამუშვება და დროულად და ეფექტიანად წარმართოს გამოძიება მომხდარ შემთხვევებზე.

"მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტმა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს უკანასკნელ წლებში ტყიბულში მომხდარი დასახიჩრებისა და დაშავების შემთხვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული გამოძიებების ეფექტიანობისა და სათანადოობის საკითხს; - საქართველოს მთავრობამ ერთ თვეში წარმოადგინოს ტყიბულის ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების ხედვა, რომელიც შემუშავებული იქნება დაინტერესბული მხარეების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი განხორციელება ტყიბულში ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობის გაჩენის მიზნით." - წერია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ მეშახტეების დასახიჩრებისა და გარდაცვალების შემთხვევბის სიხშირე აჩვენებს, რომ სახეზეა დასაქმებულებთა წინააღმდეგ ჩადენილი განგრძობადი და სისტემური პრაქტიკა, რომლის მიმართაც სახელმწიფო გულგრილია. 

"მეშახტეების დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევები და მისი განმეორებადობა აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ერთეულ და საგამონაკლისო საწარმოო შემთხვევებთან, არამედ დასაქმებულებთა წინააღმდეგ ჩადენილ განგრძობად და სისტემურ პრაქტიკასთან, რომლის მიმართაც სახელმწიფოს აბსოლუტური გულგრილობა მას დანაშაულის თანამონაწილედ აქცევს. წლების მანძილზე პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, ხელისუფლებამ არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები ეფექტიანი შრომის ზედამხედველობის სისტემის შექმნის მიზნით, ამასთან, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად მშრომელების დაღუპვისა და დაზიანების შემთხვევების აბსოლუტურ უმრაველობაში არ დამდგარა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის, არცერთ შემთხვევაზე ამ დრომდე გამოძიებას არ დაუდგენია შახტის მფლობელებისა და მისი მმართველების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი." - წერია განცხადებაში.

არასამთავრობოები მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით შსს-ს პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ და არაეფექტური გამოძიების პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

"შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ადამიანების დაღუპვასა და დასახიჩრების საკითხებზე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგელობის საკითხზე, რომლის მუშაობა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევით ჩადენულ დანაშაულებზე განსაკუთრებულად არაეფექტიანია. ტყიბულში მომხდარ არცერთ შემთხვევაზე ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ გამოძიების შედეგად დამდგარ რეალურ პასუხისმგებლობაზე. არაეფექტიანი გამოძიების პრობლემურობაზე ასევე მიუთითებს სახალხო დამცველი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ხოლო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა მხოლოდ 3 შემთხვევაში. საქმეთა 72,2% არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5000 ლარამდე. 1 შედეგად, ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევებზე გამოძიების ეფექტიანობის და სათანადოობის მიმართულებით." - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“
სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი
ახალგაზრდა სოციალისტები
თანასწორობის მოძრაობა
საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გუშინ გამთენიისას კიდევ ერთი საწარმოო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა იმავე უბანზე მოხდა, სადაც მიმდინარე წლის 5 აპრილს 6 მეშახტე დაიღუპა. გასულ 3 თვეში, ეს ტყიბულში მომხდარი მესამე საწარმოო შემთხვევაა, რომელის შედეგადაც 12 ადამიანი გარდაიცვალა და 9 მძიმედ დაშავდა.

კომენტარები